საქართველო: პატივაყრილი მედიამაგნატი კვლავ აგრძელებს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას
ავტორი: მოლი კორსო: 01/03/08
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე მედიამაგნატმა და გადატრიალების კონსპირაციაში ბრალდებულმა ბადრი პატარკაციშვილმა გამოაცხადა, რომ იგი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტობისთვის.
მისი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებას სამ იანვარს წერილობითი განცხადების სახით ეუწყა, მკვეთრად განსხვავდება იმ კომენტარისგან, რომელიც პატარკაციშვილმა დეკემბრის ბოლოს გააკეთა. მან განაცხადა, რომ ხსნიდა საკუთარ კანდიდატურას, რათა ხელი შეეშალა პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე ვადით არჩევისთვის. [სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ EurasiaNet-ის არქივს].
“მე არ მოვხსნი ჩემს კანდიდატურას და გავაგრძელებ ბრძოლას,” _ აღნიშნა ლონდონში მყოფმა პატარკაციშვილმა იმ განცხადებაში, რომელიც მისი კამპანიის ოფისმა გაავრცელა.
ნოემბერში დაწყებული წინაასარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის განმავლობაში ქართულმა მედიამ საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი აზრი რომელიმე კანდიდატის რეიტინგის შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ყველა გამოკითხვაში ლიდერობენ.
27 დეკემბერს ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი მოხსნიდა საკუთარ კანდიდატურას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გაავრცელა აუდიო და ვიდეომასალები, რომლებიც ადასტურებენ პატარკაციშვილის მონაწილეობას სახელმწიფო შეთქმულებაში. საქართველოს ტელევიზიით გავრცელებული ამ ჩანაწერების მიხედვით, პატარკაციშვილი 100 მილიონს სთავაზობს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს, ერეკლე კოდუას, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, “გასანეიტრალებლად”. პატარკაციშვილმა, რომელმაც დაადასტურა კოდუასთან მისი შეხვედრის ფაქტი, სამი იანვრის განცხადებაში მან მთავრობა “პროვოკაციის” მოწყობაში დაადანაშაულა, რომლის ერთადერთი მიზანი მისი “დისკრედიტაციაა”.
პატარკაციშვილის გადაწყვეტილების გამოქვეყნებას თითქმის ფეხდაფეხ მოჰყვა მისი კამპანიის მენეჯერის, გიორგი ჟვანიას, მიერ თანამდებობის დატოვება, რის მიზეზადაც ჟვანიამ აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მისი თქმით, პატარკაციშვილი დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში მისი მხარდამჭერები სააკაშვილს მისცემენ ხმას. “მას სჯერა, რომ სააკაშვილს ხმებს წაართმევს,” _ განაცხადა ჟვანიამ EurasiaNet-თან საუბარში: “არსებობდა გაკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხარდამჭერების ნაწილი ხმას სააკაშვილს მისცემდნენ, რასაც მე ბოლომდე არ ვიზიარებ.”
ჟვანიას თქმით, პატარკაციშვილი რამდენიმე დღე განიხილავდა წინასაარჩევნო კამაპანიის ფორმალურად განახლების იდეას. ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაგნატი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, უმადლოდა, რომ მან “მისცა ძალა” საარჩევნო მარათონის გასაგრძელებლად. საპატრიარქოს პრესსამსახური ამ განცხადებას არ ადასტურებს.
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ცდილობს გაემიჯნოს პატარკაციშვილს, მაგალითად, ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები, რომლებიც ერთ დროს ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მაგნატი, კენჭი ეყარა საპარლამენტო არჩევნებში. ისინი მის კანდიდატურას ახლა “არასერიოზულად” მიიჩნევენ.
ამასობაში, ცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსი, რომელიც, როგორც ამბობენ, დეკემბერში მოლაპარაკებას აწარმოებდა პატარკაციშვილთან მისი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ახლა უარყოფს რაიმე კავშირს მაგნატთან. სამ იანვარს მედიით გავრცელებულ განცხადებებში, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, განაცხადა, რომ ოპოზიციის კოალიციას “არაფერი ესაქმება” სხვა კანდიდატებთან. “ჩვენ მზად ვართ ნემიბსმიერთან ვიმუშაოთ, ნებმისმიერთან, გარდა დამნაშავისა,” _ თქვა მან; ”ჩვენ კანონის ენაზე ვსაუბრობთ,” _ ამტკიცებს ის.
უცნობია, რა ზეგავლენას იქონიებს პატარკაციშვილის გადაწყევტილება მის საკუთრებაში მყოფ სატელევიზიო სადგურზე, რომელსაც დროებით ამერიკული მედიაკონგლომერატი News Corp-ი მართავს. [სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ EurasiaNet-ის არქივს]. . სატელევიზიო სადგურმა 26 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ისინი იღებენ “შესვენებას” საარჩევნო კამპანიის დროს, რითაც პასუხობენ ხელისუფლების “ზეწოლას”, რაც პატარკაციშვილთანაა დაკავშირებული. კომენტარისთვის არ მოხერხდა “იმედის” წარმომადგენლებთან გასაუბრება.
რედაქტორის მინაწერი: მოლი კორსო თბილისში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტია.
წარწერა სურათზე: მედიამაგნატი პატარკაციშვილი იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს ბრძოლა პრეზიდენტობისთვის. (ალექსანდრე კლიმჩუკი EurasiaNet-ისთვის.)