Georgia: Vote 2008
Home News & Views Report Card Photo Digest Candidate Gallery Be the Observer Q&A

Thursday, January 3, 2008
სატელევიზიო რეკლამები პრეზიდენტობის კანდიდატების ბრძოლის ველად იქცა
ავტორი: გიორგი ლომსაძე: 01/03/08

საარჩევნო კამპანია ფინალურ ფაზაში შევდა და ტელერეკლამებიც პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატის უმეტესობისთვის იარაღად იქცა ამომრჩევლების მოსანადირებლად.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ იარაღს შვიდივე კანდიდატი თანაბრად ფლობს. მონიტორინგის ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მეორე ვადისთვის იყრის კენჭს, სიის სათავეში მოაქცია.

კამპანიის მიერ მედიის გამოყენების შეფასებაში, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სამ იანვარს გააკეთა, ნათქვამია, რომ სააკაშვილის ტელერეკლამები დომინირებს, როგორც უფასო, ასევე ფასიანი რეკლამების მხრივ. 23-დან 29 დეკემბრამდე ექვსმა ტელეკომპანიამ ყოფილი პრეზიდენტის 506 რგოლი გაუშვა, ხოლო, გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, სააკაშვილის მთავარი მეტოქის, ლევან გაჩეჩილაძის, მხოლოდ 352 კლიპი გავიდა ეთერში. მაგნატი ბადრი პატარკაციშვილი მხოლოდ 87 რგოლს დასჯერდა, მაგარმ იგი საინფორმაციო პროგრამების მხრივ ლიდერობს, რაც მიეწერება მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ და აგრეთვე მის ამასწინდელ გადაწვეტილებას პრეზიდენტობისთვის ბრძოლის გაგრძელების შესახებ. [სრული ინფორმაციისთვის იხილეთ EurasiaNet-ის აქივი]. ერთადერთი კანდიდატი, რომლის არც ერთი სატელევიზიო რგოლი არ გასულა ეთერში, არის ნაკლებად ცნობილი ეკონომისტი გია მაისაშვილი.

ადრინდელი მონაცემებით, სააკაშვილი ლიდერობდა ფასიანი რეკლამების მხრივ, თუმცა არ მოხერხდა სიხშირის შესახებ მონაცემების მოპოვება კვლევის პერიოდის განმავლობაში. ბაზრის კვლევის ორგანიზაციის, გორბის, მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც Transparency International-ისა და სამეთვალყურეო ჯგუფის, სამართლიანი არჩევნების, დაკვეთით განხორციელდა, 4-23 დეკემბერს სააკაშვილმა 4.1 მილიონი დოლარი დახარჯა სარეკლამო კამპანიისთვის.

სააკაშვილის სატელევიზიო სარეკლამო რგოლები დახვეწილია და ვიზუალურად ეფექტური. სატელევიზიო რეკლამაში, რომელიც სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის სიმბოლოდ არის ქცეული, ჩანს, თუ როგორ მარშირებენ “მიშა მაგარია”-ს რიტმის თანხლებით ხალხური ცეკვის ჯგუფები, ჯარისკაცები და ბავშვები ხელში საჰაერო ბუშტებით ულამაზესი ქართული ქალაქის ქუჩებში. კლიპის მუსიკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორს ეკუთვნის.

კლიპი ახლახანს რესტავრირებულ სიღნაღში გადაიღეს – ღვინის წარმოებით განთქმულ კახეთის რეგიონში. პატარა ქალაქი სააკაშვილის კამპანიის სიმბოლოა და გამოხატავს აღდგენილ ქალაქებს, დაგებულ გზებს, რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას და იმ ადგილებს, რომელიც საპატიო უცხოელი სტუმრების მარშრუტში შედის.

ოპოზიციის კანდიდატების საარჩევნო კლიპები, რომლებსაც ძირითადად უფასო სატელევიზიო ეთერი ეთმობა, ნაკლებად ნათელ ემოციებს ბადებს.

ოპოზიციური პარტიების კოალიციის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, სარეკლამო რგოლი ასახავს შვიდი ნოემბრის საპროტესტო აქციას – ცრემლსადენი გაზის ფონზე საგანგებო დანიშნულების სპეციალური რაზმის მიერ პროტესტანტების დარბევასა და ცემას. [სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ EurasiaNet-ის არქივს]. მაგნატ ბადრი პატარკაციშვილის უფასო სატელევიზიო რეკლამაც იმავე ხაზს მიჰყვება. მის კლიპში დარბევის სცენებს ენაცვლება ორ ნოემბერს კანდიდატის მიერ თავმოყრილი ხალხისადმი მიმართვის ნაწყვეტები.

რელიგიაც თავის როლს თამაშობს. ახალი მემარჯვენეების ლიდერის, დავით გამყრელიძის, სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, როგორ ანგრევს მძიმე სატვირთო მანქანა ეკლესიის კარებს. ამ კადრებს ენაცვლება ნიღბიანების მიერ მიწაზე პირქვე გართხმული ადამიანის ცემის სურათები. “ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან სააკაშვილის მთავრობა ებრძვის ქართულ ეკლესიას,” _ ამბობს დიქტორი და ამატებს, რომ გამყრელიძის მთავრობა საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის ყოველ ეპარქიას ყოველ წელს ერთ მილიონ ლარს (დაახლოებით 629.683 დოლარი) გადაუხდის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის მიერ მიყენებული ზარალისთვის.

გაჩეჩილაძის კლიპიც ასევე მგრძნობიარე კულტურულ საკითხს ეხება – ინტელიგენციის პატივისცემას. სწორედ ინტელიგენციის წარმომადგენლები წარმოთქვამენ გაჩეჩილაძის კამპანიის ლოზუნგს – “საქართველო უპირველეს ყოფლისა”.

სამეთვალყურეო ჯგუფიც აქტიურად ადევნებს თვალს მედიის მიერ კამპანიის გაშუქებას და უმთავრეს აქცენტს ძირითად მედიატორზე – ტელევიზიაზე აკეთებს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ 14-24 დეკემბერს მომზადებული არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით სააკაშვილი უპრატესობით სარგებლობს მედიის მიერ გაშუქებების მხრივ. “მედიის მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ დარღვეულია იმ ტელესადგურების ბალანსი, რომლებზეც ყველაზე ხშირად ხორციელდება მონიტორინგი. ბატონი სააკაშვილის კამპანია, როგორც წესი, ყველაზე ხშირად შუქდება ამ ტელევიზიების მიერ,” _ ნათქვამია ანგარიშში. მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ტელეკომპანია “იმედი”, რომელმაც მაუწყებლობა 26 დეკემბერს შეაჩერა, უფრო კრიტიკული იყო.

გორბის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ “10-დან 19 დეკემბრამდე გასული სატელევიზიო რეპორტაჟების აბსოლუტური უმრავლესობა (97 პროცენტი) შეფასდა, როგორც “ნეიტრალური”, მაგრამ გაჩეჩილაძემ მიიღო უარყოფითი ხასიათის რეპორტაჟების ყველაზე დიდი მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მითითებული არ ყოფილა, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება “ნეიტრალურ” და “უარყოფით” გაშუქებაში.

ამ კვლევისგან განსხვავებით, მედიასაბჭოს მიერ (ორგანიზაცია, რომელიც ჩამოაყალიბა სხვადასხვა მედიაორგანიზაციებმა ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის კონტროლის მიზნით) მომზადებული ანგარიშის მიხედვით, გასული სამი კვირის განმავლობაში ოპოზიციის კანდიდატები უფრო აქტიურად შუქდებოდნენ, ვიდრე სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ერთად აღებული.

თუმცა, კამერის მდებარეობასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამას ევროკომისიის ინიციატივით შექმნილი ე.წ. მიჩნიკის გუნდი ამტკიცებს, რომელსაც პოლონელი ჟურნალისტი ადამ მიჩნიკი ხელმძღვანელობს. მიჩნიკის ჯგუფი ქართულ მედიაში “სიძულვილის ენის”, შეურაცხყოფისა და ძალადობისკენ მოწოდებების შემთხვევებს სწავლობს.

“სააკაშვილი ყველასგან განსხვავებით შუქდება მედიით,” _ განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა დავით პაიჭაძემ, “კამერა ყოველთვის ფართო კადრით აჩვენებს მას და მისი მხარდამჭერების არმიას, რომელიც მას გარს არტყია, ხოლო სხვა კანდიდატების შემთხვევაში, მხოლოდ ისინი ჩანან.” მზე და რუსთავი-2, რომლებიც ერთი და იმავე კომპანიის საკუთრებაა, გაუთავებლად ატრიალებენ სიუჟეტს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ხმარობს გაჩეჩილაძე უცენზურო გამონათქვამებს,” _ დაამატა მან.

თუმცა, ბეჭდური მედია, რომელიც გაცილებით მცირერიცხოვან აუდიტორიას ფარავს, ნაკლებად მიკერძოებულია სააკაშვილის მიმართ. საგაზეთო სტატიების უმეტესობა, რომლებიც უარყოფითად შეფასდა, უფრო კრიტიკულია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, _ ნათქვამია გორბის ანგარიშში.

საინფორმაციო მედიის გარდა, სააკაშვილი ეფექტურად იყენებს ბილბორდებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამომრჩევლებთან ხმის მისაწვდენად. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ავტობუსებზე გაკრულია მოღიმარი სააკაშვილის ფოტოები ლოზუნგებით სიღარიბის აღმოფხვრისა და რეგიონების განვითარების შესახებ, ხოლო ავტუბსების გაჩერებებზე ბევრგანაა გაკრული ბიულეტენის რიცხვი და ფოტოები მისივე გამოსახულებით. სარეკლამო სააგენტოებთან ვერ მოხერხდა დაკავშირება ამგვარი ტიპის რეკლამების ღირებულების დასადგენად.

არსად არ ჩანს ოპოზიციის კანდიდატების ამგვარი სარეკლამო სტრატეგია.




რედაქტორის მინაწერი: გიორგი ლომსაძე თბილისში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტია.
FEEDBACKRESOURCESSITE CREDITSEMAIL THIS PAGE
EurasiaNet.org