სააკაშვილი თავის კამპანიას მომავლის შესახებ მოწოდებით ამთავრებს
ავტორი: ელიზაბეთ ოუენი: 01/04/08
მიხეილ სააკაშვილმა თავისი კამპანია, რომელიც ხშირად ტელევიზირებულ ევანგელისტურ აღმავლობას გვაგონებს, ოთხ იანვარს ხალხით გადაჭედილ სპორტის სასახლეში დაასრულა ამომრჩევლებისადმი მიმართვით, გვერდზე გადადონ პესიმიზმი საქართველოს მრავალჭირნახული წარსულის შესახებ და იფიქრონ მომავლის "ძლიერ საქართველოზე".
ლოზუნგის _ "საქართველო სიღარიბის გარეშე" _ ხშირად გამეორებით 40 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა აღწერა ქვეყანა, სადაც სოფლის ყველა მაცხოვრებელს შეეძლება ადვილად ისარგებლოს ბიზნესკრედიტით, სკოლები გაუსწრებენ დასავლეთის სკოლებს, ხოლო დასაქმების პროგრამა დაეხმარება საქართველოს ეკონომიურ სიდუხჭირეში მყოფი რეგიონების მოსახლეობას. "საბოლოო გამარჯვება იქნება _ საქართველო სიღარიბის გარეშე," _ უთხრა მან შეკრებილ ხალხს.
თავისი მიმართვის შუაში სააკაშვილი სცენიდან დაიხარა და ხელში აიყვანა პატარა ბავშვი, რომელიც ხელში ან ხელჩაკიდებული ეჭირა თითქმის მთელი თავისი 20-წუთიანი სიტყვის განმავლობაში. "ხვალის გამარჯვება იქნება ჩვენი მომავალი," _ განაცხადა მან და ბიჭუნა მაღლა ასწია აუდიტორიის აპლოდისმენტების ქვეშ.
ხალხმა აიტაცა ეს სიმბოლიზმი, რომელიც ბავშვებისა და ბიჭების ლამის ძალადობრივ თაყვანისცემაში გადაიზარდა.
უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სააკაშვილი ეცადა, შეენარჩუნებინა იგივე განწყობა და მისი პრეზიდენტობის ბოლო ოთხი წლის ყველაზე კონტროვერსიულ მოვლენებზე საუბრის დროსაც კი ხაზს უსვამდა მხოლოდ დადებით მომენტებს.
პოლიციის მიერ შვიდ ნოემბერს ოპოზიციის დემონსტრაციის დარბევამ ყველაზე მეტად შეარყია მისი ადმინისტრაციის რეფორმისტული რეპუტაცია. [დეტალებისათვის იხილეთ Eurasia Insight-ის არქივი.]
იმისდა მიუხედავად, რომ "დასავლეთის ხალხი" "სწრაფად დაემორჩილა სტერეოტიპებსა და კლიშეებს" საქართველოს შესახებ, სააკაშვილი ამბობდა, რომ მისი ადმინისტრაცია იძულებული იყო, "გადაგვედგა ნაბიჯები, რომლისთვისაც ჩვენ არც შევქმნილვართ და არც გვინდოდა ამისი გაკეთება."
სააკაშვილის თქმით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების გადაწყვეტილება, დროებით დაეხურათ ტელევიზია, ახლახანს ისევ გახსნის შემდეგ, ფაქტობრივად, ადასტურებს მთავრობის ბრალდებას არხის დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის, მიმართ.
ტელეკომპანია "იმედი", რომელიც ძალისმიერად დაიხურა შვიდ ნოემბერს იმ ბრალდებით, რომ პატარკაციშვილი არხს იყენებდა გადატრიალების მოსამზადებლად და გაიხსნა 12 დეკემბერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ზეგავლენის შედეგად, ისევ დაიხურა 26 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები იმის შესახებ, რომ პატარკაციშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, აპირებდა კიდევ ერთ გადატრიალებას არჩევნების შემდეგ.
"არსად მსოფლიოში არ არის სხვა არხი, რომლის მფლობელსაც სურს ერთდროულად იყოს მკვლელიც და სხვაც," _ ამბობს ის პატარკაციშვილთან მიმართებით.
უკვე ნათქვამი განცხადებების გამეორების დროს სააკაშვილმა შვიდი ნოემბრის მოვლენები დაუკავშირა გადატრიალების მსურველ ოპოზიციას. იგი ასევე შეეხო, თუმცა, არაპირდაპირ, ეკონომიკურ მიზეზებს, რომელმაც ბევრი ქართველი აიძულა გამოსულიყო ქუჩაში ნოემბერში. თუმცა, არანაირი კომენტარი არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერების საჩივრებზე კანონის უზენაესობის არარსებობის შესახებ.
"ჩვენ არ ვაპირებთ ზურგი ვაქციოთ ადამიანების უმეტესობას," _ თქვა მან, "მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ზურგი ვაქციოთ პოსტსაბჭოთა ელიტის გარკვეულ ნაწილს, ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ რეფორმების შედეგად, მაგრამ ამ ქვეყნისათვის არ არსებობდა სხვა გზა, გარდა ამ რეფორმებისა."
"დებატები საკუთრების უფლებების შესახებ – ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ქართულ პოლიტიკაში – ნაწილობრივ მედიის გაბუქებული იყო," _ თქვა მან, "მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე საშიშს. მე არა მგონია, კერძო საკუთრება რაიმე სახით საშიშროების ქვეშ იდგეს."
გამარჯვება ხუთი იანვრის არჩევნებში იქნება "კარგი ინდიკატორი რეფორმებისათვის", _აღნიშნა მან, ხოლო მოგვიანებით კი დასძინა, რომ "საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონები" მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერებია.
ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კახეთი, საქართველოს ღვინის ინდუსტრიის ცენტრი, ამ დაპირების რეალიზაცია გასცდება დაპირებული სოციალური კეთილდღეობის დახმარებას. რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე უფრო ამწვავებს პოპულარულ საჩივრებს მთავრობის წინააღმდეგ.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი არჩევნების ადრე დანიშვნას ხედავს, როგორც "ახალ მანდატს საერთაშორისო პოლიტიკაში" რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ახალ პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევს 2008 წელს.
"ჩვენ არ ვართ თვითმკვლელები. არანაირად არ ვართ გიჟები," _ თქვა მან საქართველოს რუსეთთან ამჟამად დაძაბული ურთიერთობების შესახებ, "ჩვენ, ჩვენის მხრივ, არ გვაქვს რაიმე მიზეზი რუსეთთან დაძაბული ურთიერთობებისათვის."
თუ რამდენად ითამაშებს ეს განცხადებები თავის როლს საარჩევნო ყუთთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მედიისა და არასამავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვები, რომელიც ძირითადად ოპოზიციისადმი კეთილგანწყობაზე მიუთითებს, აჩვენებს შედარებით თანაბარ ბრძოლას სააკაშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გაჩეჩილაძეს შორის.
თუმცა, სააკაშვილის კამპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც სამ იანვარს გამოქვეყნდა, სულ სხვა სურათს აჩვენებს.
1200 რესპონდენტის გამოკითხვამ, რომელიც 5-13 დეკემბრის განმავლობაში ჩატარდა ა.შ.შ. მკვლევრების, Greenberg Quinlan Rosner Research-ის მიერ, აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტს მხარს უჭერს იმ ამომრჩეველთა 46 პროცენტი, რომლებიც აპირებენ არჩევნებზე მისვლას. ამ ამომრჩევლებს შორის გაჩეჩილაძე მეორე ადგილას დგას 16 პროცენტით. გამოკითხვას ჰქონდა +/- 3,4 პროცენტი ცდომილება.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ კანდიდატმა გაიმარჯვოს არჩევნების პირველ რაუნდში, მან უნდა დააგროვოს 50+1 პროცენტი. Greenberg Quinlan Rosner-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ იწინასწარმეტყველა, რომ პოტენციურ მეორე რაუნდში სააკაშვილი გაჩეჩილაძეს მოუგებდა დაახლოებით 54-33% ანგარიშით.
თუმცა, ახლა სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი არ არის დამოკიდებული წინასწარმეტყველებებზე.
"არჩევნები ღია პროცესია. არის ბევრი ფაქტორი, რომელსაც ზეგავლენა აქვს არჩევნებზე," _ ამბობს იგი, "ჩვენ ვეცდებით გავიმარჯვოთ პურველ რაუნდში. თუ მეორე რაუნდის ჩატარება საჭირო გახდება, მაშინ ეს ასე იქნება."
მაგრამ, მისი თქმით, ამომრჩეველთა ხმების 97 პროცენტი, რომელიც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დააგროვა, წარსულს ჩაბარდა.
"მე არ ველი, რომ ხვალ 97 პროცენტს ავიღებ. შეიძლება ნატოში გაწევრიანების საკითხმა [პლებისციტი ინტეგრაციის შესახებ] აიღოს 97 პროცენტი, მაგრამ მე _ არა."
რედაქტორის მინაწერი: ელიზაბეთ ოუენი არის EurasiaNet-ის კავკასიის ოფისის რედაქტორი თბილისში.
წარწერა სურათზე:
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ხელს უქნევს რამდენიმე ათასეულ მხარდამჭერს არჩევნების წინა დღეს გამართულ შეხვედრაზე (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისათვის)