საქართველო: ქვემო ქართლის რეგიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს
ავტორი: პოლ რიმპლი: 01/04/08
როგორც ჩანს, ქვემო ქართლის რეგიონში მიხეილ სააკაშვილი დიდი რაოდენობის ხმებს დააგროვებს ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ რეგიონში მისი პოსტერების რაოდენობა უსწრებს მისი მთავარი ოპონენტის, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, საკამპანიო მასალებს, ხოლო ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის მხოლოდ რამდენიმეა ისეთი, რომელიც უარყოფით განცხადებას აკეთებს სააკაშვილის შესახებ.
"ის დიდი ადამიანია. იგი აშენებს გზებს, გაზარდა პენსიები და ციხეებში გამოკეტა ბანდიტები," – ამბობს ვალეიევა ბახჩა, ბოსტნეულის გამყიდველი მარნეულის რაიონული ბაზრიდან. ბახჩას დახლი ნაგვის დასაწვავ ბუნკერთან დგას, რაც მას გათბობაში ეხმარება.
რკინიგზისა და ახლადგარემონტებული საგზაო მაგისტრალის მეშვეობით ქვემო ქართლის რეგიონი ახლა უკვე კარგად არის დაკავშირებული დედაქალაქ თბილისთან, მაგრამ ამავდროულად იგი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონად ითვლება, სადაც მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ხოლო უმუშევრობის დონე ორციფრა მაჩვენებელს შეადგენს. ეს რეგიონი ერთ დროს დიდ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო ახლა მისი მაცხოვრებლების შემოსავლის ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს და ბევრი მათგანი დამოკიდებულია საკუთარ ბაღჩაში მოყვანილ პროდუქტებზე.
"როცა მიშა პრეზიდენტად იქნა არჩეული (2004 წელს) და აზერბაიჯანულად გვესაუბრა, ჩვენ ვიფიქრეთ: "აი, ეს კაცი გვიშველის", მაგრამ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა, არაფერი გაუმჯობესებულა, მდიდრები უფრო გამდიდრდნენ და ღარიბები უფრო გაღარიბდნენ," – ამბობს ოპოზიციის აქტივისტი, ქაშამ ქავიევი.
ქავიევი სააკაშვილის პოპულარობას აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის უკავშირებს შიშს, რაც ასე დამახასიათებელი იყო 70-იანი წლების საბჭოთა იდეოლოგიისათვის. "ჩვენ მივსდევთ, როგორც ცხვრები," – გვიხსნის იგი.
მარნეულის რაიონში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ძლიერ გაყალბებასა და სხვადასხვა დარღვევას ჰქონდა ადგილი – რამაც განაპირობა ვარდების რევოლუციის დაწყება. [ინფორმაციისათვის იხილეთ Eurasia Insight-ის არქივი] ზოგიერთს კვლავ პრობლემად მიაჩნია საარჩევნო დარღვევების არსებობის შესაძლებლობა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრი, რაფაელ ხალილოვი, ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადამიანთა შორის არის, რომლებიც სააკაშვილს საჯაროდ აკრიტიკებენ. იგი შიშობს, რომ ხუთი იანვრის კენჭისყრა დასრულდება შეხლა-შემოხლით და აცხადებს, რომ საარჩევნო სიები საჭიროებისამებრ არ იყო გამოკრული ორ საარჩევნო უბანზე.
"რატომ არ გამოაკრეს საარჩევნო სიები, თუ ეს სააკაშვილს არ ესაჭიროებოდა არჩევნების გასაყალბებლად?" – კითხულობს ხალილოვი. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მრჩეველი კარმენ მორალისი აცხადებს, რომ საარჩევნო სიები გამოიკრა სამ იანვარს, სავალდებულო ვადაზე ადრე. ჰუსეინ ასკუეროვმა, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტმა, დაადასტურა, რომ საარჩევნო უბნები ოთხი იანვრისათვის სრულ მზადყოფნაში იყო საარჩევნო სიების ჩათვლით.
ხალილოვი და სხვები აცხადებენ, რომ გაჩეჩილაძის პოსტერებს გაკვრისთანავე ხევენ და ასევე ამბობენ, რომ სააკაშვილის მიერ მართულმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საახალწლო საჩუქრების სახით მოსახლეობას დაურიგეს შაქარი, ფქვილი, ღვინო და გაზისა და ელექტროენერგიის ვაუჩერები. ამ ინფორმაციის დადასტურება არ მოხერხდა ნაციონალური მოძრაობის მიერ.
ხალილოვმა თქვა, რომ მან დაკარგა სააკაშვილის მიმართ რწმენა, როცა პრეზიდენტმა დახურა მთავარი ბაზარი მისი ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში 2004 წელს. ხალილოვმა თქვა, რომ, როცა დაინახა, თუ როგორ ენიჭებოდა უპირატესობა ქართველ მოსახლეობას მიწის პრივატიზაციის დროს და როგორ ხდებოდა მისი ენობრივი უფლებების დარღვევა, იგი გახდა ოპოზიციის ერთგული მხარდამჭერი. მისთვის გაჩეჩილაძის გეგმა, ჩამოაყალიბოს საპარლამენტო რესპუბლიკა, ნიშნავს, რომ ქვემო ქართლის აზერბაიჯანელ მოსახლეობას ექნება საკუთარი ხმა ცენტრალურ მთავრობაში.
გარდა ამისა, ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, როგორიცაა ინგლისურის მასწავლებელი ბაქრან კურბანოვი, არ არის კარგად გარკვეული გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო გეგმის შესახებ. "ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მის შესახებ," – ამბობს კურბანოვი, მაგრამ მისი მოტივები სააკაშვილის მხარდასაჭერად აბსოლუტურად გარკვეულია.
"მიშამდე აქ ანარქია იყო, მან შექმნა ბიუჯეტი, ეკონომიკა. მისი მმართველობის დროს განხორციელდა რეალური პოლიტიკური ცვლილებები. მან გააკეთა ის, რასაც დაგვპირდა," – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი.
რედაქტორის მინაწერი: პოლ რიმპლი თბილისში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტია.
წარწერა სურათების ქვეშ:
1. ცენტრალური ბაზრის გარე გამყიდველი მარნეულში საკიდიდან ხსნის სახვევს კლიენტისათვის. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისათვის)
2. პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, მხარდამჭერები საუბრობენ საარჩევნო სირთულეებისა და დარღვევების შესახებ სოფელ სადახლოს მცირე კაფეში. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისათვის)
3. ახალგაზრდები დგანან კიოსკთან მარნეულში, სადაც გაკრულია პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის, პოსტერი. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისათვის)
4. ტაქსის მძღოლი მგზავრს ელოდება მარნეულის მთავარ მოედანზე. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისათვის)