Georgia: Vote 2008
Home News & Views Report Card Photo Digest Candidate Gallery Be the Observer Q&A

Saturday, January 5, 2008
“მეორე” სამხრეთ ოსეთი არჩევნებზე მიდის
პოლ რიმპლი: 01/05/08

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთსაც გადასწვდა მთელი თავისი ატრიბუტიკით – პოსტერებით და სხვა პოლიტიკური წვრილმანებით. სამხრეთ ოსეთის სოფლების მოსახლეობას რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის თოვლის გაკვალვა მოუწია საარჩევნო უბნებთან მისასვლელად. მათი ფავორიტის ვინაობა ეჭვს არ იწვევს – მიხეილ სააკაშვილი.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფლის, თამარაშენის, მკვიდრის _ დათო ძაძამიას გამოთვლით, პროქართული სოფლების მაცხოვრებლების 90-მა პროცენტმა ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა. ტელეკომპანია “ალანიას” ჟურნალისტის, ია ბარათელის, აზრით, ადგილობრივი მოსახლეობა მხარს სტატუს-კვოს უჭერს. [სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ E EurasiaNet-ის არქივს.]

“ჩვენმა ხალხმა იცის, ვინ არის პასუხისმგებელი სტაბილიზაციაზე რეგიონში და ამიტომაც უნდათ ამ კურსის გაგრძელება,” _ განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა, რომელიც თბილისისადმი ლოიალურად განწყობილ სამხრეთ ოსეთის მთავრობას ხელმძღვანელობს. [სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ E EurasiaNet-ის არქივს.] სანაკოევმა კეხვის საარჩევნო უბანში გააკეთა არჩევანი.

კონფლიქტის ზონაში 10.500 რეგისტრირებული ამომრჩეველი ცხოვრობს და თუ ადგილობრივი პროგნოზი გამართლდა, მათი ხმების დიდ უმრავლესობას სააკაშვილი მიითვლის. აქტივობა მაღალი იყო – შუადღის 1.30 წუთზე, მერვე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების უკვე 60 პროცენტს, ანუ 300-350 ადამიანს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული.

სანაკაოევის თქმით, მას არ გაჰკვირვებია ასეთი აქტივობა. “მე კი არ მოველოდი, არამედ ვიცოდი, ამომრჩევლები იაქტიურებდნენ. ეს უშუალო კავშირშია ჩვენ მიერ წარმოებულ წარმატებულ სამშვიდობო პროცესთან,” _ განაცხადა მან.

თუმცა სააკაშვილის დაპირებაზე, რომლის თანახმადაც იგი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს რამდენიმე თვეში მოაგვარებს, ალტერნატიულ ლიდერს ოპტიმიზმი არ გამოუჩენია. “ეს რეალურია, მაგრამ მე მაინც ამ ეტაპზე თავის შეკავებას ვამჯობინებ,” _ თქვა სანაკოევმა.

კონფლიქტების მოგვარების საკითხში მინისტრის მოადგილე, რუსლან აბაშიძე, ქურთაში განლაგებულ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის რეზიდენციაში მთელი დღის განმავლობაში ეხმარებოდა უცხოელ დამკვირვებლებს.

“მიშას [სააკაშვილი] პოპულარულობა აქ იმითაა განპირობებული, რომ იგი აქტიურად სტუმრობდა ამ ადგილებს გასული ორი წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ოპოზიციის კანდიდატები პირველად მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ ჩამოვიდნენ აქ,” _ განაცხადა აბაშიძემ.

შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და საუბნო საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები რუსმა სამშვიდობოებმა დააყოვნეს. სანაკოევის რეზიდენციაში ესტონელმა და უკრაინელმა დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ თამარაშენის საკონტროლო პუნქტში მათ ნება არ დართეს, ქართულ სოფლებში გასულიყვნენ.

“რუს სამშვიდობოებს არ უყვართ უცხოელები,” _ განმარტა აბაშიძემ, “ეს მათი ჩვეული ხელწერაა. შემოდგომის დასაწყისში მათ ეუთოს ელჩი არ შეუშვეს ქართულ სოფლებში.“

სანაკოევი ამტკიცებს, რომ ოსმა სეპარატისტებმა დამატებითი საკონტროლო პუნქტი გახსნეს ქართული და ოსური სოფლების გასამიჯნად და მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის აღკვეთის მიზნით.

ამ ადგილებში საარჩევნო პროცედურების დარღვევის მინიმალური შემთხვევაა დაფიქსირებული. რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე სანაკოევს მარკირებას გაუკეთებდნენ ცერა თითზე, საარჩევნო კომისიის წევრმა დააფიქსირა, რომ საარჩევნო ჯიხურში მოხუცებული ქალბატონი თანამგზავრთან ერთად შედიოდა. კომისიის წევრმა მხოლოდ დაადასტურა, რომ ერთ ჯიხურში მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება.




რედაქტორის მინაწერი: პოლ რიმპლი თბილისში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტია.

სურათი: ბიჭი მირბის ტყვიებით დაცხრილული კარის წინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ თამარაშენში. (სოფია მიზანტეს არქივიდან)

FEEDBACKRESOURCESSITE CREDITSEMAIL THIS PAGE
EurasiaNet.org