საქართველო: მშვიდი საარჩევნო ატმოსფეროს ფონზე ოპოზიცია დარღვევებზე მიუთითებს
მოლი კორსო: : 01/05/08
მიუხედავად იმისა, რომ, ოპოზიციის განცხადებით, საქართველოში ხუთი იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა, თბილისისა და მიმდებარე რაიონების საარჩევნო უბნებზე მშვიდი ატმოსფერო სუფევდა. მიხეილ სააკაშვილის (ის მეორედ იყრის კენჭს) მომხრეები კატეგორიულად ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა შეთითხნეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რათა გამართლება მოუძებნონ პოლიტიკური პროტესტის ახალ რაუნდს.
მას შემდეგ, რაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი რიცხვი დაფიქსირდა, ოპოზიციის ლიდერებმა შეწყვიტეს განცხადებების კეთება არშემდგარი არჩევნების შესახებ. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და ცხრა წევრისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციის “საერთო სახალხო მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, თინა ხიდაშელის აზრით, სიტუაცია “საგანგაშოა”. ხუთ იანვარს, გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე, მან ისაუბრა რამდენიმე დარღვევის შესახებ, რომლებიც ოპოზიციურ კოალიციას მიაწოდეს. დაღვევებში მოიხსენიება ე.წ. “კარუსელის” და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები, რომლებიც რეგიონებში დაფიქსირდა. ოპოზიციის ლიდერებმა ვერ შეძლეს შესაბამისი ნივთმტკიცებით დაედასტურებინათ მათ მიერ წაყენებული ბრალდებები.
“ამ დროისთვის სრული სურათი არ მაქვს,” _ განაცხადა ხიდაშელმა EurasiaNet-თან საუბარში. შემდეგ მან პარალელი გაავლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის, რამაც ბიძგი მისცა ვარდების რევოლუციას. “სიტუაცია [დღეს] გაცილებით საგანგაშოა, [ვიდრე 2003 წელს იყო] და პანიკაც უფრო ძლიერია [მოსახლეობას შორის],” _ განაცხადა მან.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილმა ხმების 52.5 პროცენტი დააგროვა. თუ ეს ციფრი დაემთხვა ოფიციალურ შედეგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვებს და მეორე ტურიც საჭირო აღარ იქნება. სააკაშვილის მთავარმა მეტოქემ, ლევან გაჩეჩილაძემ, ხმების 28.5 პროცენტი მიიღო. პატივაყრილმა მედიამაგნატმა, ბადრი პატარკაციშვილმა, კი ხმების მხოლოდ 6 პროცენტის მოპოვება შეძლო. დანარჩენი ხმები პრეზიდენტობის ოთხ კანდიდატს შორის განაწილდა. ოპოზიციის ლიდერებმა სასწრაფოდ გააპროტესტეს ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც ოთხი ტელესადგური აშუქებდა.
ხუთ იანვარს, ნაშუადღევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ორგანიზაციის “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო უბნებში მოხდა რამდენიმე “სერიოზული დარღვევა”, თუმცა ზოგადად არჩევნები “ნორმალურად” მიმდინარეობდა.
დაუდასტურებელი ბრალდებების უმეტესობა “კარუსელის” გამოყენებას ეხება. ოპოზიციის ლიდერების განცხადების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ, “ნაციონალური მოძრაობა”, ორგანიზება გაუწია სააკაშვილის მომხრეების ტრანსპორტირებას, რომლებიც ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეზე მოძრაობდნენ და ზედმეტ ბიულეტენებს ყრიდნენ. სააკაშვილის შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური თვალის ახვევაა და რომ ოპოზიციის ლიდერები უბრალოდ ცდილობენ სოციალური უწესრიგობის “მიზეზად გამოიყენონ” ისინი.
ბაქრაძემ EurasiaNet-თან საუბარში განაცხადა, რომ, “თუ ქართული საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები სამართლიანია, თუ საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, მაშინ ძალზე გაჭირდება პროტესტის სამართლებრივად გამართლება.”
“სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, [სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის], ძალიან მნიშვნელოვანია, დავადასტუროთ, რომ არჩევნები სამართლიანად ტარდება,” _ გააგრძელა ბაქრაძემ, “სწორედ ამიტომ ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას არჩევნების შესახებ, რომ ხვალ საშუალება მიეცეთ არჩევნებს არასამართლებრივი უწოდონ. ეს არის პოლიტიკური საკითხი და არ უკავშირდება არჩევნებს, ან ტექნიკურ მხარეს.”
ბაქრაძის აზრით, მოარული ავტობუსების საკითხი აბსურდულია, რადგან “კარუსელი” მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც საარჩევნო უბნებს შიგნით არ არსებობს ამომრჩევლის რეგისტრაციის სტატუსის შემოწმების რაიმე სისტემა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ გამოყენებულია “მეტად მკაცრი პროცედურები”, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამარების ჩათვლით, რათა აღიკვეთოს ამომრჩევლის მიერ ერთზე მეტი ბიულეტენის ჩაგდებისა და მარკირებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა.
“კარუსელისთვის არ არის საჭირო ავტობუსები. საკმარისია შესაბამისი სისტემა საარჩევნო უბნებში,” _ განაცხადა მან, “არ აქვს მნიშვნელობა, რითი მივიდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებამდე – ყვითელი ავტობუსებით, მიკროავტობუსებით, ცხენით, ველოსიპედით თუ რაიმე სხვა საშუალებით. როგორც კი ამომრჩეველი ფეხს შედგამს საარჩევნო უბანზე, იგი ვალდებულია, დაემორჩილოს მეტად მკაცრ პროცედურებს.”
ხიდაშელი და ოპოზიციის სხვა ლიდერები ეჭვქვეშ აყენებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უნარს, აღკვეთოს საარჩევნო მაქინაციები. თუმცა, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის დამკვირვებლებმა, რომლებიც რამდენიმე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, EurasiaNet-თან საუბარში განაცხადეს, რომ რაიმე პრობლემა არ დაუფიქსირებიათ. დავით გამყრელიძის წარმომადგენელმა, გიორგი წკრიაშვილმა, რომელიც არჩევნებს რუსთავის მეთექვსმეტე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, განაცხადა, რომ ყველაფერი “ნორმალურად” მიმდინარეობდა.
“ჯერჯერობით რაიმე პრობლემა არ ყოფილა,” _ აღნიშნა მან და დაამატა, რომ არავის უცდია ხმის მიცემა რამდენჯერმე და არც საარჩევნო უბანზე და არც მის გარეთ არ მომხდარა რაიმე ექსცესი.
ბაქრაძემ დაადასტურა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ იქირავა რამდენიმე ავტობუსი “ამომრჩევლების მობილიზებისა და დახმარების მიზნით”. მან ეს ფაქტი ამომრჩევლის აქტიურობის გაზრდის ინიციატივად დაახასიათა და ხაზი გაუსვა, რომ ავტობუსების “ფუნქცია” წყდება მას შემდეგ, როგორც კი ის ამომრჩევლებს საარჩევნო უბნამდე მიიყვანს. თბილისის მერიამ ასევე უზრუნველყო უფასო ტრანსპორტი თბილისის მასშტაბით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვა მონიტორების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალი იყო – საღამოს ხუთი საათისთვის ამომრჩევლების 46 პროცენტს, ანუ მილიონ ადამიანს, ჰქონდა გაკეთებული არჩევანი.
სააკაშვილმა არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდა ქართველებს, მიუხედავად ხელისშემშლელი კლიმატური პირობებისა. “საქართველოს ბედი ჩვენს ხელშია, თითოეული მოქალაქის ხელში,” _ განუცხადა მან ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. “თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება. ჩვენი შვილები მადლობას გვეტყვიან იმისთვის, რომ, ცუდი ამინდის მიუხედავად, სახლში არ დავრჩით,” _ დაამატა მან.
როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელები აკეთებდნენ პროგნოზსს საარჩევნო უბნებსა და მათ გარეთ შესაძლო ძალადობის შესახებ. ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში გადმოსცემდნენ ბრალდებებს საარჩევნო პროცედურების დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტების შესახებ. ხიდაშელის განცხადებით, თბილისში ადგილი ჰქონდა “წითელკეპიანი და წითელყელსახვევიანი” (ნაციონალური მოძრაობის ფერი) აქტივისტების მიერ ამომრჩევლების “დაშინების” მრავალრიცხოვან ფაქტებს.
მედიასაშუალებების მონაცემებით, ამომრჩევლის დაშინების ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა სოფელ უდეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ნაცემია ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი კახა მერაბიშვილი. პარტიის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, ხუთ იანვარს, ნაშუადღევს, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დავიდ ჩალანდრიშვილი უკვე დაპატიმრებულია.
ამასობაში კი, ხელისუფლება ყოფილ სახელმწიფო მინისტრს და ამჟამად ოპოზიციის მხარდამჭერს, გიორგი ხაინდრავას, სააკაშვილის მხარდამჭერის, დოდო ჟორჟოლიანის, “ფიზიკურ შეურაცხყოფაში” ადანაშაულებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ხაინდრავასთან საუბარი ვერ მოხერხდა.
ოპოზიციის მიერ წაყენებული სხვა ბრალდებები ეხება საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობას დამატებით სიაში შეყვანილი ამომრჩევლებისთვის (ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღეს დარეგისტრირდნენ). ოპოზიციის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, რომელიც თელავში დაფიქსირდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მასმედიის წყაროები მათ საკმარის დროს არ აძლევენ საზოგადოებისთვის ყველა ბრალდების გასაცნობად.
ხელისუფლების განცხადებით, ბრალდებებს იუსტიციის სამინისტრო, ცენტრალური საარჩევნო კომისია და პოლიცია ერთობლივად იძიებს.
ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციური კოალიცია ჯერ კიდევ განიხილავს არჩევნების შედეგებზე რეაგირების გზებს, თუმცა მათ უკვე გადაწყვიტეს სასამართლოში გაასაჩივრონ არჩევნების შედეგები. ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაკის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს იგი “საბრძოლო განწყობაზე იყო”: “რასაკვირველია, ხდება დარღვევები, მაგრამ შტაბი მზადაა, შესაბამისი პასუხი გასცეს ნებისმიერ დარღვევას.”
რედაქტორის მინაწერი: მოლი კორსო თბილისში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტია.
სურათები:
1) ხანდაზმული ქართველი ქალბატონი საკუთარ არჩევანს აკეთებს საპრეზიდნეტო არჩევნებში თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. (ალექსანდრე კლიმჩუკი EurasiaNet-ისთვის)
2) საარჩევნო კომისიის წევრი თვალს ადევნებს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდების პროცესს. (ალექსანდრე კლიმჩუკი EurasiaNet-ისთვის)
3) თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან გამოსულ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილს გარს ჟურნალისტების, რეპორტიორებისა და სატელევიზიო ჯგუფების ჯარი ახვევია. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისთვის)
4) ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე საარჩევნო ბიულეტენს აგდებს გამჭირვალე ყუთში. (მოლი კორსო EurasiaNet-ისთვის)
5) რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში გამოკრულ ამომრჩეველთა სიაში მამაკაცი საკუთარ სახელს და გვარს ეძებს. (დინ ს.კ კოქსი EurasiaNet-ისთვის)
6) კომისიის წევრი ცერა თითს უმოწმებს ამომრჩეველს შესაძლო მარკირების აღმოჩენის მიზნით. (დინ ს.კ კოქსი EurasiaNet-ისთვის)
7) საარჩევნო კომიის წევრები მაგიდაზე აპირქვავებენ საარჩევნო ბიულეტენებს, სანამ დათვლას დაიწყებდნენ (ალექსანდრე კლიმჩუკი EurasiaNet-ისთვის)