Georgia: Vote 2008
Home News & Views Report Card Photo Digest Candidate Gallery Be the Observer Q&A

Sunday, January 6, 2008
უცხოელი დამკვირვებლები: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი?
ავტორი: გიორგი ლომსაძე : 01/06/08

ურთიერთბრალდებების კორიანტელში, როგორც ჩანს, ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ერთ საკითხში თანხმდებიან: ეს არის საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელობა ხუთი იანვრის არჩევნებში.

თუმცა, შეთანმხება აქ მთავრდება. მიხეილ სააკაშვილი დამკვირვებლებს იშველიებს და ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ, უცხოელი დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები დარღვევებით წარიმართა.

საქართველოს მთავრობამ სარეკორდო რაოდენობის დამკვირვებლები მოიწვია, რათა საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაედასტურებინა ქვეყნის დემოკრატიული კურსი, განსაკუთრებით კი შვიდი ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს არჩევნებისთვის 75 ორგანიზაციიდან 1,906 რეგისტრირებული დამკვირვებელი ეწვია.

"ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ არჩევნები სამართლიანად წარიმართებოდა," _ განაცხადა სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ EurasiaNet-თან საუბარში, "ეს ადასტურებს ჩვენს სურვილს, განვაგრძოთ დემოკრატიული რეფორმები".

ამ მიზანს მზარდი ყურადღება ეთმობა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებში. ახლახან, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის, ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა ისეთმა მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიცაა Human Rights Watch Group-ი და საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი, რომლებმაც დააფიქსირეს დემოკრატიული სამოქალაქო თავისუფლების მზარდი უგულებელყოფა.

ორი იანვრის ანგარიშში, Freedom House-ი, რომლის სათავო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, გამოეხმაურა ამ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ საქართველომ ქვემოთ გადაინაცვლა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მხრივ, რაც ნომებრის აქციების დარბევას მოჰყვა.

2008 წლის მსოფლიო თავისუფლების ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წლებში საქართველოში დაფიქსირებულია "ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელშიც ოპოზიიცისა და სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული აზრი კუთხეშია მიმწყვდეული" და "მედია არ პასუხობს დემოკრატიულ სტანდარტებს". ანარიშში დადებითადაა შეფასებული სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ გატარებული რეფორმები, რაც მიზნად ისახავს საგზაო პოლიციისა და განათლების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრას, მაგრამ აქვე ყურადღებას ამახვილებს უმოქმედო სასამართლო სისტემაზე და მნიშვნელოვანი საჯარო განხილვების ნაკლებობაზე.

"2008 წელი უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს დემოკრატიული კურსის მხრივ, რომელიც ბეწვზე ჰკიდია," _ ამბობს Freedom House-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯენიფერ უინდზორი, ოფიციალურ განაცხადებაში.

ოთხ იანვარს უცხოელ ჟურნალისტებთან გამართულ ბლიცშეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ამგვარ ბრალდებებს", მაგრამ იქვე დაამატა, რომ "ხალხს უყვარს გაზვიადება".

საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შეფასება ამ განცხადებების საპირისპიროს ადასტურებს. "ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად, არამედ დემოკრატიისთვისაც და იმისთვისაც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ," _ განაცხადა სააკაშვილმა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისია ექვსი იანვრის პრესკონფერენციაზე წარადგენს საწყის დასკვნას ხუთი იანვრის არჩევნების შესახებ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა ელსი ლ. ჰასტინგსმა, EurasiaNet-თან საუბარში განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ დადებითი ზომები მიიღო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. "დაიხვეწა სარეგისტრაციო სიები, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობისთვის დაიბეჭდა სპეციალური ფორმები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, აღდგა ოპოზიციური სატელევიზიო არხის "იმედის" მაუწყებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მათ საკუთარი სურვილით კვლავ შეწყვიტეს მაუწყებლობა," _ განაცხადა ჰასტინგსმა, საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტმა. "ოპოზიციის ლიდერები არ ყოფილან შეზღუდულები, ისინი იქ ჩნდებოდნენ და კრებდნენ მხარდამჭერებს, სადაც მათ სურდათ. ეს ძალზე ჯანსაღი ნიშანია".

ჰასტინგსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება დამკვირვებლების დიდი რაოდენობის მოწვევის შესახებ ასევე "მნიშვნელოვანია".

ოპოზიციის ლიდერები განსხვავებული მოსაზრებების არიან საერთაშორისო დამკვირვებლების თაობაზე. მათმა ნაწილმა უნდობლობა გამოხატა დამკვირვებლების მიმართ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა საკუთარი გავლენა არასამართლიან არჩევნებზე დასტურის მისაღებად. ხუთ იანვარს ნაშუადღევს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა, გია მაისაშვილმა, განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები "უბრალოდ იქ არიან". "ისინი ინდეფერენტულები არიან," _ თქვა მან და მიმომხილველებს მოუწოდა, არ მიექციეათ ყურადღება საერთაშორისო მონიტორებისათვის, არამედ დაყრდნობოდნენ მხოლოდ საკუთარ და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებს არჩევნების სამართლიანობის დასადგენად. იგივე მოწოდება აქტუალური იყო მეზობელი სომხეთის 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც, მწარე სიტყვები არ დაიშურა უკრაინელი დამკვირვებლების მიმართ და განაცხადა, რომ [უკრაინის პრეზიდენტმა ვიკტორ] იუშენკომ დამკვირვებლების მთელი ხრო"ისინი აქ სააკაშვილის დასახმარებლად და არა დარღვევების დასაფიქსირებლად ჩამოვიდნენ," _ განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს ოთხ იანვარს.

სააკაშვილის გუნდის მსგავსად, ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ისინი მიიღებენ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას.

"თუ არჩევნები სამართლიანად წარიმართა და ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღეს მისი შედეგები, მაშინ ჩვენც ასე მოვიქცევით," _ განაცხადა 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა. მანამდე ბერძენიშვილი, რომლის პარტიაც მხარს ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს, სკეპტიკურად იყო განწყობილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების მიმართ.

თბილისელი ამომრჩევლების უმეტესობამ კმაყოფილება გამოთქვა საერთაშორისო დამკვირველბების არჩევნებზე დასწრებასთან დაკავშირებით, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მათ ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელმაც საკუთარი სახელი ვერ აღმოაჩინა თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში, ეს შემთხვევა უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლების არყოფნას დაუკავშირა. "მე აქ ჩემი სამოქალაქო მოვალეობის შესასრულებლად მოვედი, მაგრამ მე ჩემი ხმა წამართვეს," _ განაცხადა აღშფოთებულმა ქეთევან მაკალათიამ, "_ სად არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, როდესაც მათი დასწრება საჭიროა? არც ერთი უცხოელი დამკვირვებელი არ არის, რომ დაეფიქსირებინა, რაც მოხდა".

იქვე მდებარე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კი მიიჩნია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება განაპირობებდა სიმშვიდეს, მიუხედავად ხანგრძლივი პოლიტიკური დაძაბულობისა.

"ჩვენ ყველანი _ ოპოზიცია, ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები, იმდენად ემოციურად ვართ ჩართულები ამ პროცესებში, რომ შეიძლება გაგვიჭირდეს საღად აზროვნება," _ განაცხადა თბილისის #14 საარჩევნო უბნის ამომრჩეველმა ავთანდილ დევდარიანმა, "ამიტომ საჭიროა, ვინმე გვერდიდან ადევნებდეს თვალს საერთო სურათს. მე ყველაზე მეტად საერთაშორისო დამკვირვებლებს ვენდობი."




რედაქტორის მინაწერი: გიორგი ლომსაძე თბილისში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტია.

სურათები: 1. ეუთოს პოლონელი დამკირვებელი შენიშვნას იწერს რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისთვის)

2. ეუთოს მიერ დაქირავებული ავტომანქანა რუსთავის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წინ ელოდება დამკვირვებლებს, რომლებმაც სხვა საარჩევნო უბანზე უნდა გადაინაცვლონ. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისთვის)

3. ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის დამკვირვებლები აკვირდებიან დოკუმენტების მოგვარების პროცესს ბიულეტენების დათვლამდე თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისთვის)

4. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტმა, ელსი ლ. ჰასტინგსმა, შეაქო საქართველოს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაუმჯობესების მცდელობისთვის. (დინ ს.კ. კოქსი EurasiaNet-ისთვის)

FEEDBACKRESOURCESSITE CREDITSEMAIL THIS PAGE
EurasiaNet.org