კამპანია საქართველოში წინასაარჩევნო მარათონის “ჩრდილოვან” საკითხებს აფინანსებს
ავტორი: ირინა ფაცურია: 12/06/07
ტელევიზიებმა უკვე დაიწყეს რგოლების გაშვება, ხოლო საარჩევნო შტაბბინებმა _ მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვება. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ აპირებენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები წინაასარჩევნო კამაპნიების დაფინანსებას?
საქართველოში საარჩევნო კამპანიებზე დახარჯულ თანხებს რომ თვალი მივადევნოთ, დავრწმუნდებით, რომ ადგილი აქვს ჩრდილოვან თამაშს. კანონით, კამპანიებს მხოლოდ საკუთარი კანდიდატების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბოლოო რეგისტრაციიდან ერთი თვის შემდეგ ევალებათ გაამჟღავნონ დაფინანსების წყარო. ამ შემთხვევაში, ერთი თვე ექვს იანვარს გადის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს.
ამ დროისათვის მმართველმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა თავი შეიკავეს, ესაუბრათ EurasiaNet-თან საკუთარი კანდიდატების დაფინანსების წყაროებზე, დაესახელებინათ დონორები ან გაეკეთებინათ ყველაზე მოცულობითი დანახარჯების პროგნოზი. (ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატების საბოლოო სია 11 დეკემბრისთვის უნდა გაავრცელოს.)
ყველაზე სრული ინფორმაცია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, ეხება სახელმწიფო დაფინანსებას. ის პარტიები, რომლებმაც ხმების გარკვეული პროცენტი დააგროვეს ორ გასულ არჩევნებზე (2004 წლის არჩევნებზე _ ოთხი პროცენტი, ხოლო 2006 წლის ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე – სამი პროცენტი), უფლებამოსილნი არიან, მიიღონ დახმარება ადმინისტრაციული ხარჯების მხრივ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ პროცენტული მაჩვენებლის მიღწევა მხოლოდ შვიდმა პარტიამ შეძლო და დაფინანსება შესაბამისად მათ მიერ მოპოვებული ხმების მიხედვით განისაზღვრება: ნაციონალური მოძრაობა (144,965 ლარი ანუ 89,900 დოლარი); ლეიბორისტული პარტია (24,848 ლარი ანუ 15,410 დოლარი); ახალი მემარჯვენეები (24,382 ლარი ანუ 15,120 დოლარი); მრეწველები (24,195 ლარი ანუ 15,004 დოლარი); რესპუბლიკური პარტია (23,729 ლარი ანუ 14,715 დოლარი), კონსერვატული პარტია (23,729 ლარი ანუ 14,715 დოლარი) და თავისუფლება (20,726 ანუ 12,853 დოლარი).
მოქალაქეებს შეუძლიათ 30,000 ლარამდე (18,604 დოლარი) გაიღონ კამპანიებისთვის, ხოლო ორგანიზაციებს – 100,000 ლარამდე, (რაც დაახლოებით 62,000 დოლარია).
თუმცა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამაპნიის ფინანსური მენეჯერი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ბიზნესმენთა მცირე ნაწილს აქვს სურვილი, დააფინანსოს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიები და ამით შეავსოს განსხვავებები ღირებულებებში.
“ჩვენ 500 ბიზნესმენს მივმართეთ დაფინანსების თხოვნით,” _ განაცხადა ირაკლი იაშვილმა, ახალი მემარჯვენეების კანდიდატის, დავით გამყრელიძის, საარჩევნო ფონდის თავმჯდომარემ. “აქედან ას ორმოცდაათმა მათგანმა გვითხრა, რომ ჩვენი თხოვნა არ მიუღიათ, ხოლო დარჩენილ სამას ორმოცდაათთაგან მხოლოდ ორი-სამი გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას”.
ლეიბორისტული პარტიის სპიკერი გიორგი გუგავა ამბობს, რომ პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, საარჩევნო კამპანია მხოლოდ იმ თანხით დაფინანსდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკუთვნის.
პარლამენტარ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელსაც ცხრა წევრისგან შემდგარი კოალიცია უჭერს მხარს, როგორც ჩანს, უკეთ აქვს საქმე ოპოზიციის სხვა კანდიდატებთან შედარებით. კოალიციის წევრმა _ რესპუბლიკურმა, კონსერვატულმა და თავისუფლების პარტიებმა სახელმწიფო ბიუჯეტისგან სულ 42,283 დოლარის ეკვივალენტი მიიღეს ლარებში. მეტოქე დავით გამყრელიძის კამპანიას ახალი მემარჯვენეები და მრეწველები აფინანსებენ, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 30,124 დოლარის ეკვივალენტი აქვთ ლარებში.
მიუხედავად ამისა, გამყრელიძის კამპანიის ფინანსური მენეჯერი იაშვილი და გაჩეჩილაძის წინასაარჩევნო ფონდის მენეჯერი კოკა გუნცაძე პესიმისტურად არიან განწყობილები ქართველი ბიზნესმენებისგან დაფინანსების მოპოვების შანსის მიმართ.
“როგორ შეიძლება ასეთი შეკითხვების დასმა?” _ აღშფოთდა გუნცაძე. კოალიციის ფონდის მენეჯერი ამტკიცებს, რომ “[ყველა] ბიზნესმენი დაშინებულია”, რადგანაც მათ, ვინც “გაბედა და ოდესმე დააფინანსა რომელიმე ოპოზიციური პარტია”, “ბიზნესები გაუნადგურდა”. როგორც იაშვილი, ასევე გუნცაძეც იმეორებს იმ მოსაზრებას, რომ ბიზნესმენები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, უჭერენ მხარს.
“თითოეული ჩვენგანი დაუცველია დისკრიმინაციის მიმართ საარჩევნო კამპანიის დროს და საკანონმდებლო ბაზა არაფრის საშუალებას არ იძლევა იმისათვის, რომ არჩევნები ყველა კანდიდატისთვის სამართლიანად ჩატარდეს და ყველა მათგანს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი ფინანსური წყაროებისადმი,” _ განაცხადა მან.
ამ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად ვერ მოხერხდა გასაუბრება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან.
სხვა კანდიდატებმაც მსგავსი შეშფოთება გამოთქვეს. ეკონომისტმა გიორგი მაისაშვილმა განაცხადა, რომ მას მეგობრების მხარდაჭერის იმედი აქვს საკუთარი კამპანიის დაფინანსების საკითხში, თუმცა თავი შეიკავა კამპანიის დონორების დასახელებისგან კამპანიის ფინანსური მონაცემების წარდგენის ბოლო ვადამდე.
გამოკითხულმა ბიზნესმენებმა მკაცრი უარი განაცხადეს, ეთქვათ, გაიღეს თუ არა სახსრები რომელიმე კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად. “თუ მეტყვით, რომ თუნდაც ერთმა ბიზნესმენმა გიპასუხათ, რომ მან მონაწილეობა მიიღო რომელიმე კამპანიის დაფინანსებაში, მაშინ მეც გავაკეთებ კომენტარს,” _ განაცხადა საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის წარმომადგენელმა ნიცა ჩოლოყაშვილმა. ფინანსურმა პოლიციამ ახლახანს ჩაატარა გამოძიება კომპანიაში იმის დასადგენად, დაკავშირებულია თუ არა იგი იმ ფირმასთან, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ინვესტიციებს მართავს (დაწვრილებითი ინფრომაციისთვის ეწვიეთ EurasiaNet-ის არქივს).
ასევე ვერ მოხერხდა გასაუბრება ფინანსური ტაქტიკის შესახებ მაგნატ პატარკაციშვილის კამპანიის წევრებთან.
დამოუკიდებელი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იმ ფაქტს, რომ ქართველი ბიზნესმენები “თევზებივით დუმან” დონაციების შესახებ, ქართული არჩევნებისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს. “საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ჩრდილოვანი პროცესია და ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს საზოგადოებრივ განხილვას დაუმორჩილებს,” _ განაცხადა საყვარელიძემ, “ერთადერთი თვალსაჩინო რამ არის ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მოსახლეობას პენსიების გაზრდასა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას დაჰპირდა.”
ხუთ დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International Georgia-სა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს პროგრამები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესის დარღვევაა. საკაშვილი 25 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტობიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მაგრამ იგი კვლავ აგრძელებს ისეთი განცხადების კეთებას, რასაც ფართოდ განიხილავენ, როგორც პოლიტკურ ბრძანებებს (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ EurasiaNet-ის არქივი).
ექვსი დეკემბრის სატელევიზიო განცხადებაში, რომელიც საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცესში გაკეთდა, სააკაშვილმა დადო პირობა, რომ სახლემწიფო ბანკი განახორციელებს ეგრეთ წოდებული “შეღავათიანი კრედიტის” პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს 10, 20 ან 25-წლიან კრედიტებს მხოლოდ 4-დან 10 პროცენტამდე საკომისიო განაკვეთით”.
დეკემბერში უკვე დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც დროებითი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს 100 000 ადამიანს. გადადგომამდე სააკაშვილმა ასევე გაზარდა მასწავლებლების ხელფასები და პენსიები. 50-ლარიანი (დაახლოებით 31 დოლარი) ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ვაუჩერები, რომლებსაც ხშირად უწოდებენ “პრეზიდენტის საჩუქარს”, დაურიგდათ ქალაქების ღარიბ მოსახლეობას, ხოლო სოფლების მკვიდრები 50 კგ. ფქვილსა და ხუთ კუბურ მეტრ შეშას მიიღებენ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულების გადახდისგან გათავისუფლდნენ ომის ვეტერანები და უსინათლოები.
19 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან ტელევიზიებით გაშუქებულ შეხვედრისას, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანახარჯები “სწორ კურსს ექვემდებარება, მაგრამ ისინი ხალხთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს”.
როგორც Transparency International-მა გადმოსცა, ამგვარი ხარჯები დაიფარება პრეზიდენტის სპეციალური ფონდიდან – შემოსავლების არასაბიუჯეტო ფონდიდან, რომელიც გადაუდებელი დანახარჯების დასაფარავად გამოიყენება.
მაგრამ, როგორც Transparency International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამუნა ქაროსანიძემ, განაცხადა, გაურკვეველია, დაფარავს თუ არა პრეზიდენტის ან სხვა რომელიმე სამთავრობო ფონდი ამგვარ ხარჯებს. სამეთვალყურეო ჯგუფის მონაცემებით, როგორც პრეზიდენტის, ასევე სამთავრობო სარეზერვო ფონდი შეადგენს 29 მილიონ ლარს (უხეში დაანგარიშებით, 18 მილიონი დოლარი). სავარაუდოდ,
პროგნოზების მიხედვით, მარტო გაზრდილი ხელფასები და პენსიები მთავრობას 37,7 მილიონი ლარი (დაახლოებით 23,4 მილიონი დოლარი) დაუჯდება დეკემბერში.
“პრეზიდენტმა სოციალური პროგრამების განხორციელება წლის დასრულებამდე ორი თვით ადრე დაიწყო და მას აქვს სრული უფლება, განახორციელოს ამგვარი პროექტები, მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ ამ პროგრამების განხორციელება საქართველოს მთავრობას შეუძლებლად მიაჩნდა ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ,” _ განაცხადა ქაროსანიძემ, “და არც 2007 და არც 2008 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ამგვარ პროგრამებს.”
რედაქტორის მინაწერი: ნინო ფაცურია თბილისში მცხოვრები თავისუფალი ჟურნალისტია.
სურათი: პრეზიდენტობის კანდიდატს, ლევან გაჩეჩილაძეს, ცხრა პარტიისგან შემდგარი კოალიცია უჭერს მხარს. (მოლი კორსო)