ინდაური ყველა ოჯახში? გურულები ასე არ ფიქრობენ
მოლი კორსო | ფოტოების ავტორი: მოლი კორსო: 12/18/07
სოციალური კეთილდღეობის დაპირებებისთვის მიმდინარე ბრძოლაში ყველაზე ხმამაღალი განაცხადები ქართველი ამომრჩევლებისთვის დღემდე, უდავოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კამპანიაში კეთდებოდა, მაგრამ 18 დეკემბრის განცხადებაში ბიზნესმაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი 1.5 მილიარდ დოლარს გაიღებს საკუთარი ქონებიდან სოციალური პროექტებისთვის. ეს განაცხადი მიუთითებს, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ კარგა ხანს გასტანს. მიუხედავად გულუხვი დაპირებებისა, საქართველოს ერთ-ერთი უღატაკესი რეგიონის, გურიის, მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაპირებები უმნიშვნელოა და ძალიან დაგვიანებული.
ბოლო 18 თვის განმავლობაში პატარკაციშვილის პოტენციური ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული შეთავაზებები მოიცავს ისეთ გულუხვ დაპირებებს, როგორიცაა საქართველოს ყურძნისა და ციტრუსის მთელი მოსავლის შესყიდვა, ასევე, უკვე რუტინად ქცეულ ისეთ დაპირებებს, როგორიცაა მოსახლეობის დახმარება კომუნალურ გადასახადებში. გარდა ამისა, წელიწადში 600 ლარი (დაახლოებით 377 დოლარი) დაენიშნება ყველა უმუშევარს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ელოდებიან, ხოლო ხელფასის მინიმუმად თვეში 300 ლარი (დაახლოებით 188 დოლარი) დაწესდება. ამ დაპირებების შედეგად პატარკაციშვილის საარჩევნო ოფისები ყურადღების ცენტრში მოექცა 17 დეკემბერს, მაგნატის მიერ თავადვე დაარსებული რადიოსთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ.
პატარკაციშვილის პროგრამის მეორე ფაზა გულისხმობს კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით. დაპირებული ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია – 20 პროცენტი ორი წლის განმავლობაში (სრული ინფრომაციისთვის იხილეთ ინგლისურად თარგმნილი სტატია civil.ge-ზე).
ამ დაპირებების პასუხად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა, განაცხადა, რომ ამგვარი დაპირებები შეიძლება ამომრჩევლების მოქრთამვად ჩაითვალოს და საჭიროა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) შესაბამისი “რეაგირება” მოახდინოს. ცესკოს თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა, უკვე გამოთქვა შეშფოთება პატარკაციშვილის დაპირებებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ, ჩამოაყალიბა სამთავრობო სამსახური, რომელიც თვალს მიადევნებს ამომრჩევლების მოქრთამვის ყველა მცდელობას და საარჩევნო კანონის სხვა დარღვევებს. ნინო ბურჯანაძემ ხმამაღლა ისაუბრა უნაკლო არჩენვების საჭიროებებზე.
ამასობაში, 16 დეკემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში სიღატაკის აღმოფხვრის საკუთარი გეგმა წარადგინა.
სატელევიზიო არხებით გადაცემულ 30-წუთიან გამოსვლაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია სიღატაკის წინააღმდეგ შეტევას სამი სხვადასხვა ფრონტიდან განახორციელებს. ესენია: ჯანდაცვა, პენსიები და კრედიტებისადმი ხელმისაწვდომობა. პროგრამის დეტალების უმეტესობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სააკაშვილმა უკვე მისცა ამომრჩევლებს დაპირება, რომ 2009 წლისთვის პენსიები ამჟამინდელი 55 ლარიდან (დაახლოებით 34 დოლარი) ას დოლარამდე გაიზრდება. მან ასევე განაცხადა, რომ დაეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს კერძო ბიზნესებიდან დაფინანსებული პროგრამების მეშვეობით. კერძოდ, ამგვარი ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის (დაახლოებით 629 დოლარი) ოდენობით თითოეულ ახალშობილზე. დამატებითი შეღავათები გულისხმობს უფასო სამედიცინო მომსახურებას ქვეყნის მოსახლეობის 700.000 ყველაზე ღატაკი ოჯახისთვის და “ღირსეულ” სამუშაოს ყველა მოქალაქისთვის.
თავის გამოსვლაში ყოფილი ლიდერი ოპოზიციასაც გადასწვდა, რომელიც მისი დაპირებების შესრულებას სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს. სოციალური კეთილდღეობის თემა განსაკუთრებით აქტუალური 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა.
“ყველა ეს რეფორმა ერთადერთ მიზანს ისახავს: მივუახლოვდეთ იმ დღეს, როდესაც ჩვენ რეალურად შევძლებთ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას,” – განაცხადა მან, “–მე მხოლოდ იმ მრავალი ადამიანის ხმა კი არ მინდა, რომლებიც უკვე ცხოვრობენ საქართველოში სიღარიბის გარეშე, მე მინდა დავუბრუნო იმედი ყველა იმედგადაწურულ ადამიანს.”
თბილისიდან დასავლეთით 300 კილომეტრის მოშორებით საქართველოს ღატაკი რეგიონის, გურიის სოფლებში მრავლადაა უიმედოდ დარჩენილი მოსახლეობა. რეგიონმა დაკარგა ძირითადი პროდუქტების – მანდარინისა და ჩაის ძირითადი ბაზარი რუსეთში, რაზეც დამოკიდებული იყო რეგიონის ეკონომიკა. ტურიზმმა ვერ ჩაანაცვლა
ეკონომიკის ეს დარგი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ორი პოპულარული კურორტი მდებარეობს – მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით ცნობილი ურეკი და სამთო საზაფხულო სოფელი ბახმარო.
თეორიულად, გურია ის რეგიონია, სადაც, როგორც სააკაშვილის, ისე პატარკაციშვილის დაპირებები იმუშავებს.
როგორც უფრო ცნობილი ფიგურა, სააკაშვილი, როგორც წესი, პირველი ეხმაურება ხოლმე პრობლემებს. გურულები ამბობენ, რომ მიესალმებიან ახლადდაგებულ გზებს და ელექტროენერგიით რეგულარულ უზრუნველყოფას, რაც სააკაშვილის ადმინისტრაციის მუშაობის შედეგია, მაგრამ ასევე აღნიშნავენ, რომ სამუშაო ადგილების ნაკლებობა წონის ამ ფაქტორებს. უმუშევრობა გავრცელებული პრობლემაა საქართველოს რეგიონებისთვის.
ამ მიზეზის გამო ბევრი ადამიანი ყოფილი პრეზიდენტის დაპირებებს პენსიებისა და ხელფასების ზრდის შესახებ სკეპტიკურად უყურებს. იზო ჩარტიშვილი, სახელმწიფო ბალანსზე არსებული საბავშვო დაწესებულების მზარეული, ამბობს, რომ მისი ხმა ნაწილობრივ დამოკიდებულია მის ხელფასზე: “რატომ უნდა მივცე ხმა სააკაშვილის მთავრობას, რომელიც სულ რაღაც 67 ლარს (დაახლოებით 42 დოლარი) მიხდის?” მაგრამ ეს სკეპტიციზმი მხოლოდ სააკაშვილზე არ ვრცელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ პატარკაციშვილის ინვესტიცია ურეკში – პარკი და პავილიონი, სახელად “იმედი”, უფრო სანახაობაა, ვიდრე შემოსავლის წყარო.
ოპოზიციის ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც შვიდ დეკემბერს ჩავიდა ლანჩხუთში, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, ხალხს დაჰპირდა, რომ გაზრდის საბიუჯეტო ხელფასებს და ხელმისაწვდომს გახდის ჯანდაცვას. ამგვარადვე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელიც ლანჩხუთს მეორე დღეს ეწვია, მოსახლეობას ბავშვებისა და მოხუცებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურებას დაჰპირდა.
მაგრამ ამ დაპირებების პასუხადაც მხრებს იჩეჩენ.
სოფლის სხვა მკვიდრები უფრო პრაგმატულ პოზიციას ირჩევენ არჩევნებთან მიმართებით. სუფსელი პენსიონერი ვარდენი (მან გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა) ამბობს, რომ, მიუხედავად ხალხის უკმაყოფილებისა “მიშას” (სააკაშვილის პოპულარული სახელი) მიმართ, საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ რას მიიღებს არჩევნებამდე სახელმწიფოს მიერ წამოწყებული სამთავრობო პროგრამიდან.
“ჯერ კიდევ ძალიან ადრეა რამის თქმა,” – ამბობს ვარდენი.
სურათები:
1. ექიმი მერაბ ბოლხაძე საოჯახო მეურნეობით ეხმარება ოჯახს, რადგან სოფლის პედიატრის შემოსავალი არ კმარა ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად.
2. გურიაში, ისევე როგორც საქართველოს უმეტეს რეგიონებში, 2004-2005 წლებში დაგებული მოასფალტებული გზები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ სააკაშვილის მთავრობის დაპირების ნაწილია. შევარდნაძის დროს ამ რეგიონებში გზები ძირითადად ორმოების წყებას უფრო ჰგავდა.
3. გურიაში მცხოვრები პენსიონერები, ეთერის მსგავსად, რომელიც ახალ წელს 79 წლის ხდება, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილოები არიან პენსიების ზრდით 55 ლარამდე. ეთერი ფიქრობს, 55 ლარი იმაზეც კი არ იკმარებს, რომ მისმა ვაჟმა და რძალმა თვის განმავლობაში ძირითადი პროდუქტი შეიძინონ ოჯახისთვის.
4. გურულები ძირითადად საოჯახო მეურნეობით ცდილობენ თავიანთი თავისა და განსაკუთრებული კულინარიული ტრადიციების შენახვას.
5. სააკაშვილის ეკონომიკური რეფორმების შედეგად ნელ-ნელა ყალიბდება საშუალო კლასი, მაგრამ მხოლოდ თბილისში, მაგრამ გურიისა და სხვა რეგიონების სოფლებში მოსახლეობას ხელმომჭირნედ და მხოლოდ დღევანდელი დღით უწევს ცხოვრება.
6. ამბულატოორის შენობაში, რომელიც გურიის სამი სოფლის – იკვეთის, ეწერისა და კიროვის მოსახლეობას ემსახურება, ჭერი ჩამონგრეულია, ხოლო ერთ დროს დიდი სამედიცინო დაწესებულების შენობის უმეტესი ნაწილი _ გამოუყენებელი და უსარგებლო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობამ უკვე დაიწყო ქვეყანაში განადგურების პირას მისული ჯანდაცვის სექტორის რეფორმირება, ამ პროცესმა ჯერჯერობით მოშორებით მდებარე რაიონებში ვერ შეაღწია.
7. ჩხარტიშვილებმა ეს ტრადიციული სახლი გურიის სოფელ ლასაში ააშენეს, სადაც ჩაის პლანტაციაში მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის დროს. ახლა სახლი დაუყოვნებლივ საჭიროებს შეკეთებას, მაგრამ სოფელში აღარც ჩაის პლანტაციაა და აღარც მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ოჯახის ოთხ მუშაობისუნარიან წევრს სამუშაოთი უზრუნველყოფდა.
8. ლასელები საკუთარი მოსავლით – ჩაითი, თხილით და წითელი წიწაკით ირჩენენ თავს.