ქართული პლებისციტი: დავიწყებული არჩევნები?
ავტორი: მოლი კორსო: 12/20/07
ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში ხუთ იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცევა იმავე დღეს დანიშნულ პლებისციტს (სახალხო გამოკითხვა) საპარლამენტო არჩევნების თარიღისა და საქართველოს ჩრდილოეთ ატლანტიკის ალიანსში შესვლის შესახებ.
ყურადღების ნაკლებობა ნაწილობრივ ოფიციალურ პოზიციას ასახავს.
საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოპოზიციის ლიდერების ძირითად მოთხოვნაში შედიოდა 2-7 ნოემბრის თბილისის დემონსტრაციების დროს, რაც საბოლოოდ მომიტინგეთა დარბევით დასრულდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა წინადადება პლებისციტის გამართვის შესახებ ვადაზე ადრე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რაც მიზნად ისახავდა საპროტესტო აქციის დაშლისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირებას. პლებისციტი, რეფერენდუმისგან განსხვავებით, არის ხალხის ნების ნებაყოფილობითი გამოხატვა.
მაგრამ ქართული პოლიტიკის რეალობაში კონფლიქტები სწრაფად იცვლება. 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველმა პარტიამ წარმატებით განახორციელა კონსტიტუციის ცვლილება, რის შედეგადაც არჩევნები 2008 წლის გაზაფხულის ნაცვლად 2008 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ეს ცვლილება უცვლელი რჩება.
ახლახან, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და სააკაშვილის კამპანიის სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მთავრობას უკვე აღარ აქვს “პრობლემები” საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებითო.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების თავდაპირველი სურვილი – თავიდან აეცილებინა საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2008 წლის გაზაფხულზე, მჭიდროდ უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს: ესაა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ასევე 2008 წლის გაზაფხულზე დანიშნულმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა, შესაძლოა, “არაპირდაპირი ზეგავლენა” მოახდინოს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, აგრეთვე, შესაძლოა, იყოს მცდელობა “გარეშე ძალების” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით მანიპულირებისა, რაც შეიძლება მოჰყვეს კოსოვოს სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას.
“მოულოდნელად დანიშნულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა სრულიად შეცვალა დამოკიდებულება,” – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ ახალ პრეზიდენტს ექნება “საკმარისად ძლიერი მანდატი” იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ყველა საშიშროებას: “ჩვენ არ გვაქვს რაიმე სიძნელე არჩევენების დღესთან დაკავშირებით”.
ქართველმა პოლიტიკოსებმა დაივიწყეს რიტორიკა 19 დეკემბერს და არჩევნებამდე ჩვიდმეტი დღით ადრე შეთანხმდნენ ორივე პლებისციტის ფორმულირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ მთავრობის შეთავაზებაზე საპარლამენტო არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, ახლა ისე ჩანს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია მიღწეული კომპრომისით.
პლებისციტში დასმულ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს ან “დიახ”, ან “არა”. მთელი რიგი მიზეზების გამო, რაც ბოლომდე ნათელი არ არის, მთავრობის თავდაპირველი შემოთავაზება ამ ფორმულირებას არ ითვალისწინებდა. მის ნაცვლად, მოსახლეობას უნდა ამოერჩია, როდის სურდა არჩევენების გამართვა – 2008 წლის შემოდგომაზე, თუ იმავე წლის გაზაფხულზე.
ხოლო ახალ ვერსიაში, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო, შეკითხვა ამგვარად ისმება: “ეთანხმებით თუ არა საპრლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას?”
“ვფიქრობ, ახალი ვერსია სწორი და გასაგებია,” – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) პროგრამის მენეჯერმა ეკა სირაძე-დელონიმ (მანვე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესში დაინტერესებული მხარეების შეშფოთების “მთავარი საგანი” იყო შეკითხვის ფორმულირება).
დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, მხარდამჭერი გართიანებული ეროვნული ოპოზიციის საბჭოს ცხრა წევრიდან ერთ-ერთმა, განაცხადა “ევრაზიანეტთან” საუბარში, რომ ოპოზიცია მოხარულია შეკითხვის ახალი ფორმულირებით. “ცესკოს მიერ გუშინ დამტკიცებული საბოლოო ფურმულირება სწორედ ისაა, რასაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძეს ორი კვირის წინ ვთავაზობდით,” – განაცხადა მან: “ის თავდაპირველი ვერსია, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობდა, რთული და დამაბნეველი იყო. ახლა ჩვენ კმაყოფილები ვართ.”
სააკაშვილის კამპანიის სპიკერი ბაქრაძე ამბობს, რომ მთავრობის ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ფორმულირებაზე დათანმხება “კეთილი ნების ჟესტია”.
განსხვავებით საპარლამენეტო დღის შესახებ დანიშნული პლებისციტისა, რომლის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობა ახლახანს მოგვარდა, ნატოში გაწევრიანების შესახებ დანიშნული პლებისციტის შედეგები იმთავითვე ნათელია. 2007 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ გამოკითხული რესპონდენტების 50 პროცენტი ემხრობა საქართველოს ნატოს წევრად გახდომას.
ISFED-ის პროგრამების მენეჯერი სირაძე-დელონი აღნიშნავს, რომ, შეიძლება, გადამეტებული ყურადღება ეთმობა საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ ამავე დროს მიიჩნევს, რომ ეს “დისბალანსი” გასაგებიცაა: “სხვა საკითხი იქნებოდა, ეს ორი პლებისციტი რომ სხვადასხვა დღეს გამართულიყო.”
მაგრამ ახლა საზოგადოება, ფაქტობრივად, ნულოვან ინტერესს იჩენს პლებისციტებისადმი. “არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის ამის შესახებ,” – განაცხადა თბილისის ცენტრში სამსახურში მიმავალმა შუახნის დიასახლისმა გაიანემ, “ამის შესახებ არაფერი ვიცი.”
რედაქტორის მინაწერი: მოლი კორსო არის თბილისში მცხოვრები უშტატო კორესპოდენტი.
სურათზე:
მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ პლაკატზე იკითხება: “ჩვენ არ დავი-ხუთ-ებით, ანუ არ გავიგუდებით”, რაც მინიშნებაა საარჩევნო ბიულეტენზე მითითებულ სააკაშვილის ნომერზე. (მოლი კორსო EurasiaNet-ისთვის).