ანგარიშები კიცხავენ საქართველოს მთავრობას ძალის გამოყენებისა და ავტორიტარული მიდრეკილებისათვის
12/21/07
ამ კვირაში ცნობილი გახდა ორი საერთაშორისო ანგარიში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადმინისტრაციის შეფასების შესახებ. ორივე მათგანი ბრალს სდებს საქართველოს მთავრობას ბოლო ხანებში გამოკვეთილი ტენდენციისთვის _ ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენებისათვის, რაც რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც დემოკრატიისაკენ შემოტრიალებული სახელმწიფოს რეპუტაციას. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის, მთავრობას ჯერჯერობით არ გაუცია პასუხი ამ კრიტიკისთვის.
ბოლო ანგარიში, რომელიც 20 დეკემბერს Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა, განიხილავს ძალის გამოყენებას თბილისში, 7 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლების დაშილის მიზნით და პროოპოზიციური ტელევიზიის, “იმედის”, მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხს [(დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ EurasiaNet-ის არქივი). ].
კვლევაში, სათაურით “ხაზის გადაკვეთა”, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა “ძალიან რთული პრობლემის წინაშე დადგა კანონიერებისა და წესრიგის შენარჩუნების” და მძაფრ საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავების მხრივ, მაგრამ კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები არ ამართლებდა სამართალდამცავების მიერ გამოყენებულ ზომებს. “მომიტინგეების დაშლის მიზნით ან მყისიერი ძალადობის აღსაკვეთად არ იქნა გამოყენებული შესაბამისი ზომები,” – წერია ანგარიშში.
20 დეკემბერს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე watchdog-ის ევროპისა და ცენტრალურ აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმა, განაცხადა, რომ მიღებული ზომები იყო მომიტინგეების დასჯის მცდელობა იმ გაგებით, რომ მთავრობას ვითომცდა შეუმჩენველი დარჩებოდა ეს ფაქტორი. რეიჩელ დენბერის თქმით, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევები, რაც გამოწვეულია “პოლიციელების მომზადების ან დაგეგმვის ხარვეზებით” და არა ხელისუფლების შეკვეთით.
მკვლევარი ჯეინ ბუჩენანი ამატებს, რომ “ეს, შესაძლებლია, მართალიც იყოს. . . მაგრამ ჩვენი კვლევების მიხედვით, პოლიციელთა ზოგიერთი ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ მიუცია მათთვის უშუალო მითითება ძალის გამოყენების შესახებ, მათი ეს ქმედება არ დაისჯებოდა”. კვლევის დასკვნები ეყრდნობა 35 მოწმის ინტერვიუს, რომლებიც შვიდი ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს, გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო რანგის ჩინოვნიკებს და გაუზიარეს შეშფოთება მომხდართან დაკავშირებით. დენბერის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა “უმაღლესი დონის შეხვედრაზე”.
ორგანიზაციამ მოუწოდა გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის შესაფასებლად და აგრეთვე, შვიდ ნოემბერს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის შესასწავლად. ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამიანისტროსაც მოუწოდა, დაკავებული თანამდებობებიდან გაათავსუფლოს ამ ქმედებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცავები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პიროვნების დამადასტურებელი სამკერდე ნიშნების უქონლობას იმ პოლიციელების მიერ, რომლებიც ძალადობაში არიან შემჩნეულნი.
სამინისტრიოს განცხადებით, უკვე დაწყებულია გამოძიება პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ.
„მთავრობა უნდა ხვდებოდეს, რომ ამგვარი გამოძიების ჩატარება მისსავე ინტერესებში შედის,“ _ განაცხადა დენბერმა, „წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ხელს შეუწყობის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოზე მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების რიცხვის ზრდას.“
თუმცა, შვიდი ნოემბრის მომდევნო დღეებში მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეს ზომები არ განსხვავდებოდა იმ ზომებისგან, რომელსაც ევროპის ნებმისმიერი ქვეყანის მთავრობა მიმართავს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება, ან არსებობს დემონსტრაციის კონტროლიდან გამოსვლის საფრთხე.
სახელმწიფო ბალანსზე მყოფი საქართველოს საზოგადოებრივი სამაუწყებლო არხი ხშირად გადასცემს კადრებს პოლიციელებისა და მომიტინგეების შეტაკებებისა, რომლებიც დასავლური ქვეყნის დედაქალაქებში ხდება.
დენბერმა მთავრობის ამ არგუმენტს „სრულიად შეუსაბამო“ უწოდა.
„სულერთია, სად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა – საქართველოში თუ საფრანგეთში. ამგვარ შემთხვევებში, ნებმისმიერი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია, გამოიძიოს ამგვარი ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.“
Human Rights Watch-ის ჯგუფის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ არ შეუსწავლიათ ის ბრალდებები, რომ თითქოს ყველა ადამიანი, რომელმაც ფოტოაპარატზე ან ვიდეოზე დააფიქსირა საპროტესტო აქციები, დააპატიმრეს.
ხელისუფლების ოფიციალური პასუხი ამ დაკვნებისადმი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახალი ამბების სამსახურის _ Civil.ge-ს მიერ მომზადებული დაიჯესტის მიხედვით, 20 დეკემბერს ტელეარხ „იმედის“ ტოქშუოუში მონაწილეობისას, იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი ანგარიშის გამოქვეყნება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 17 დღით ადრე მიკერძოებაზე მიუთითებს, რაც „ზიანს აყენებს“ Human Rights Watch-ის, როგორც არაპოლიტიკური, ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი ჯგუფის რეპუტაციას. [Human Rights Watch-ს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტი. EurasiaNet.org-ი მოქმედებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის ცენტრალური ევრაზიის პროექტის ფარგლებში.]
ანგარიშების გამოქვეყნების დროისთვის არ მოხერხდა სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეებისგან კომენტარების მოპოვება. ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით „საქართველოს ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას მოახდენს“ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ რომელიმე პოლიციელი შეუფერებლად მოიქცა შვიდი ნოემბრის მოვლენების დროს. „ჩემთვის არ იყო ძალიან სასიამოვნო, რაც მოხდა და ძალიან მძიმე იყო იმის ყურება და მოსმენა, რაც ხდებოდა,“ _ განაცხადა მან რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 25 ნოემბერს.
Human Rights Watch-ის ანგარიში ფეხდაფეხ მიჰყვა 19 დეკემბერს კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ანგარიშს, სადაც მსგავსი დასკვნებია მოცემული შვიდი ნოემბრის მოვლენების შესახებ, მაგრამ Human Rights Watch-ის ანგარიშში საკმაოდ მწვავედ დგას მთავრობის კამპანიის შეფასების საკითხი, რომლის „რეფორმირება უნდა მოხდეს ნებისმიერ ფასად“.
კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, სახელწოდებით „საქართველო: დაღმასვლა ავტორიტარიზმისკენ?“, აღნიშნულია სააკაშვილის მთავრობის ის მიღწევები, როგორიცაა 2006 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის 9.4-პროცენტიანი მაჩვენებელი, ელქტროენერგიით 24-საათიანი მომარაგების აღდგენა, მაგრამ ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას სერიოზულ პრობლემებზე, დაწყებული „ძალაუფლების თავმოყრით ერთნაირად მოაზროვნე, მცირერიცხოვან ელიტურ ჯგუფებში და კრიტიკის უგულებელყოფით“, დამთავრებული დისკრედიტირებული სასამართლო სისტემით, კერძო საკუთრებაზე უფლებების დარღვევით და ტელევიზიის ჟურნალისტებზე მთავრობის მიერ ზეწოლით.
„თუ მიხეილ სააკაშვილის ხელახლა აირჩევენ იანვარში, როგორც მოსალოდნელია, ის და მისი მთავრობა არჩევნის წინაშე დადგებიან,“ – წერია ანგარიშში. „მათ შეუძლიათ გააგრძელონ სვლა ავტორიტარიზმისკენ, დაშალონ ოპოზიცია, დაარღვიონ ინსტიტუციონალური ბალანსი და შეიწყნარონ (არათუ წაახალისონ) კრონიზმი (თანამდებობის ერთი პირის მიერ მეგობრებისადმი მაღალი პოსტების დარიგება) უმაღლეს ეშელონებში – ან მათ შეუძლიათ საქმით დაამტკიცონ დემოკრატიისადმი მათი ერთგულება და არ შემოიფარგლონ მხოლოდ რიტორიკით.“
ანგარიში მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, “რათა მან მოსთხოვოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას, შეაჩეროს სვლა ავტორიტარიზმისკენ”. [კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი დაფინანსების ნაწილს ღია საზოგადოების ინსტიტუტისგან იღებს. EurasiaNet.org-ი მოქმედებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის ცენტრალური ევრაზიის პროექტის ფარგლებში.]
პრეზიდენტის სამსახურის სპიკერმა “ევრაზიანეტთან” საუბარში განაცხადა, რომ ისინი ჯერჯერობით არ გეგმავენ რაიმე ოფიციალური პასუხის გამოქვეყნებას რომელიმე ანგარიშის საპასუხოდ.
სურათზე:
გაოგნებული კაცი მისჩერებია, როგორ მიჰყვებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცები მომიტინგეებს შვიდ ნოემბერს (ალექსანდრე კლიმჩუკი “ევრაზიანეტისთვის”).