Georgia: Vote 2008
Home News & Views Report Card Photo Digest Candidate Gallery Be the Observer Q&A

Monday, December 24, 2007
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ლიდერის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი გადატრიალებას გეგმავდა
ავტორი: მოლი კორსო: 12/24/07

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მთავრობა და ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ახალ სკანდალში გაეხვნენ, რომელიც გადატრიალების გეგმასა და მკვლელობის მცდელობას ეხება.

24 დეკემბერს გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა ორი ვიდეოფირი, რომლებზეც პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი და პარლამენტის წევრი, ვალერი გელბახიანი, არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების გეგმას განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ერეკლე კოდუასთან. პატარკაციშვილი უკვე დაადანაშაულეს სახელწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში შვიდი ნოემბრის საპროტესტო აქციებით, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. (დეტალებისთვის გაეცანით EurasiaNet-ის არქივს.)

ვიდეომასალა, რომელიც დაუდგენელ ადგილას არის გადაღებული 18 და 21 დეკემბერს, ასახავს გელბახიანის და კოდუას საუბარს, რომელის დროსაც გელბახიანი არწმუნებს კოდუას, რომ 800 000 ადამიანი უკვე მზად არის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ასევე განუცხადა კოდუას, რომ კამპანიას აქვს ფინანსური რესურსები მოსახლეობის ქუჩებში გამოსაყვანად. და მაინც, როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქეთი ახალკაცმა, EurasiaNet-თან საუბრისას განაცხადა, ბრალდებების მიუხედავად, გამომძიებლები არ აპირებენ გელბახიანის დაპატიმრებას. შესაბამისი ოფიციალური პირები ჯერ კიდევ ელიან მეტ ნივთმტკიცებას. გვარამიამ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხება.

მიუხედავად ამისა, მთავრობის ზოგი წარმომადგენლის განცხადებით, ყველაფერი ნათელია ამ საქმესთან დაკავშირებით. ორშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე მიმავალმა თავმჯდომარემ, კახა ლომიამ, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიდეომასალებმა დაადასტურეს “ოპოზიციის ნამდვილი ზრახვები”. თბილისის მერმა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაახლოებულმა პირმა, გიგი უგულავამ, პატარკაციშვილს და მისი კამპანიის წევრებს “ეშმაკები” უწოდა და დასძინა, რომ “ქვეყანამ თავიდან უნდა მოიშოროს ეს ჭირი”.

24 დეკემბრის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბრალდებების შესახებ დაიწყება “ობიექტური გამოძიება”. მან ხაზგაზმით აღნიშნა, რომ “არ არსებობს პანიკის საჭიროება”, მაგრამ, მიუხედავად ამისა, “ვიდეო მასალები სერიოზულ მიზეზს გვაძლევენ ვიფიქროთ, რომ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას”.

ამასობაში, წაყენებული ბრალდებების პასუხად, პატარკაციშვილმა უარყო შეთქმულების მოწყობა და მთავრობა დაადანაშაულა მის წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობის მცდელობაში.

24 დეკემბრის განცხადებაში, ლონდონში მყოფმა მაგნატმა ვიდეომასალებს “პროპაგანდა” უწოდა, (რომელიც ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა და პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანიის დე ფაქტო თავმჯდომარემ, გია ჯოჯუამ, გააცნო) და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხუთი იანვრის არჩევნების მოსაგებად “აღარანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ შერჩა”, რისი დასტურიც ეს ვიდეომასალებიაო.

ჯოჯუას განცხადების მიხედვით, ხელისუფლება ცდილობს, მისი აზრით, ორი ყველაზე მძლავრი მეტოქის – პატარკაციშვილისა და ეროვნული ოპოზიციის საბჭოს კანდიდატისა და პარლამენტის წევრის, ლევან გაჩეჩილაძის, “განეიტრალებას”. “არჩევნები ამ წუთში პაარკაციშვილსა და გაჩეჩილაძეს შორის იმართება და აქედან გამომდინარე, მთავრობას სურს [გამოიყენოს] ნებმისმიერი პროვოკაციული მეთოდი... მათ სურთ ამ ორი მხარის ნეიტრალიზება, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მათ,” _ განაცხადა ჯოჯუამ EurasiaNet-თან საუბარში.

ჯოჯუა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი კოდუა დაუკავშირდა ლონდონში მყოფ პატარკაციშვილს 18 “დეკემბრამდე” და სთხოვა პირადი უსაფრთხოების “გარანტიები” არჩევნების შემდეგ, რაც გულისხმობს, რომ პატარკაციშვილი მოიგებდა არჩევნებს. ჯოჯუას თქმით, 18 და 21 დეკემბერს გადაღებული ვიდეომასალები ლონდონში შემდგარი საუბრის “გაგრძელებაა”.

ჯოჯუამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა შეხვედრის ადგილმდებარეობის საკითხი. პირველი ვიდეოჩანაწერი 18 დეკემბერსაა გაკეთებული, სადაც ნათლად ჩანს, რომ საუბარი სასტუმროს ოთახში მიმდინარეობს, ხოლო 21 დეკემბრის ჩანაწერში ჩანს რესტორნის დახურული სასადილო ოთახი, სადაც საუბარს ასევე ესწრება დაუდგენელი პიროვნების ქალი. ჯოჯუა ამტკიცებს, რომ წარმოუდგენელია გადატრიალების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა “ამ ფორმატით”.

“როდესაც მოლაპარაკებები იმართება და ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ადამიანთან, რომელიც აკონტროლებს რეპრესიულ ძალას, მაშინ ისინი ამგვარი ფორმატით არ ტარდება,” _ განაცხადა მან და მიუთითა იმ მშვიდ გარემოზე, რომელიც ასახულია ვიდეომასალებში.

კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა ვერც კოდუასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ასევე ვერც გელბახიანისაგან.

ეს ჩანაწერები ორშაბათს გამოქვეყნდა და, ფაქტობრივად, ფეხდაფეხ მოჰყვა სკანდალურ ბრალდებას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კვირას, 23 დეკემბერს, The Sunday Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ მთავრობამ დაიქირავა ჩეჩენი მკვლელი პატარკაციშვილის მოსაკლავად. სტატიაში ასევე მოყვანილია ნაწყვეტი იმ საუბრიდან, რომელიც ვითომცდა გაიმართა ჩენჩენ უვაის ახმადოვსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შორის, სადაც განიხილება დაგეგმილი მკვლელობა. (რუსთავი 2-მა მოგვიანებით გადმოსცა, რომ სამინისტროს წარმომადგენელი იყო ყოფილი თანამშრომელი გია დგებუაძე).

The Sunday Times-ი რუპერტ მერდოკის საინფორმაციო კორპორაციას ეკუთვნის, რომელიც ასევე მართავს პატარკაციშვილის მიერ დაარსებულ კერძო სამაუწყებლო კომპანიას _ სატელევიზო და რადიო არხს “იმედი”. ტელეკომპანია “იმედი” შვიდი ნოემბრის მღელვარების შემდეგ ერთ თვეზე მეტხანს იყო დახურული. [დეტალებისთვის გაეცანით EurasiaNet-ის არქივს].

ჩანაწერის ასლი, რომელზეც საუბარია სტატიაში, განთავსებულია The Sunday Times-ის ვებგვერდზე. ის ასევე გავიდა ქართულ ტელეარხებზე კვირასა და ორშაბათს. საგაზეთო სტატიაში მითითებული არ არის, რა წყაროდან გახდა შესაძლებელი ჩანაწერის მოპოვება. The Sunday Times-ის რედაქციასთან ვერ მოხერხდა დაკავშირება კომენტარისთვის.

ამ მასალასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ, 23 დეკემბერს, რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს სტატიაში მითითებული ინფორმაცია. “ჩვენ დეტალებზე საუბარი შეგვეძლება მხოლოდ ჩანაწერის შესწავლის შემდეგ,” _ განაცხადა მან.

თუმცა, გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ახალკაცმა, უარყო რაიმე კავშირი ამ სტატიასა და გვარამიას მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს შორის, სადაც ასახულია გელბახიანის საუბარი “გადატრიალების” შესახებ. “ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა,” _ განაცხადა მან EurasiaNet-თან საუბარში. მისი თქმით, გენერალური პროკურატურა აპირებდა გელბახიანის წინააღმდეგ ჩანაწერის გავრცელებას ორშაბათს გამოქვეყნებული Sunday Times-ის სტატიის გამოქვეყნებამდე.

23 დეკემბერს გამართულ სატელევიზიო ბრიფინგში გვარამიამ განაცხადა, რომ მისი 24 ნოემბრის კონფერენცია დაეთმობოდა “პრესისთვის იმ “ხელწერის” დეტალების გაცნობას”, რაც შეიმჩნევა პატარკაციშვილის მიერ მთავრობისთვის წაყენებულ ბრალდებებში. სექტმებრის ბოლოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლები პატარკაციშვილთან დაახლოებულ პირად აღწერენ, განაცხადა, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას მაგნატის “ლიკვიდაცია” უბრძანა.

ახალმა ბრალდებებმა კიდევ უფრო გაამწვავა ნოემბრის საპროტესტო აქციების დარბევისა და ოქრუაშვილის ბრალდებების შედეგად ისედაც მძიმე პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ახლახანს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ორი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სააკაშვილი ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში, მაგრამ მას არ აქვს 50-პროცენტიანი რეიტინგი, რაც საჭიროა არჩევნების პირველი რაუნდის მოსაგებად.

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ამტკიცებს, რომ პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბოლო დროს გახმაურებული ფაქტები, “რასაკვირველია”, დაეხმარება სააკაშვილს და დაამატა, რომ “ბევრი” “გაიგებს” წაყენებული ბრალდების სიმძიმეს. იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ბრალდებებისა და უკუბრალდებების ტალღა გამოიწვევს ამომრჩევლების მოტივაციის დაქვეითებას.

“[ეს] პოლიტიკური დაპირისპირებაა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი უნდა ვხოცოთ,” _ განაცხადა მან.




რედაქტორის მინაწერი: მოლი კორსო არის თბილისში მცხოვრები თავისუფალი ჟურნალისტი.

სურათი: სატელევიზიო არხი “იმედი” საღამოს საინფორმაციო გადაცემაში უჩვენებს ჩანაწერის ნაწყვეტს, რომელიც ასახავს საუბარს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შესაძლო გადატრიალების შესახებ. (მოლი კორსო EurasiaNet-ისთვის)

FEEDBACKRESOURCESSITE CREDITSEMAIL THIS PAGE
EurasiaNet.org