Georgia: Vote 2008
Home News & Views Report Card Photo Digest Candidate Gallery Be the Observer Q&A

Wednesday, December 26, 2007
გორში ამომრჩევლებთა სიები კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს
ავტორი: ნინა ახმეტელი: 12/26/07

ქართველი ამომრჩევლების სიები, რომლებიც ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობის საგანია, ამჯერადაც დებატების შუაგულში მოექცა საქართველოს ერთ-ერთ პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე შიდა ქართლის რეგიონში. ამომრჩეველთა სიების განახლება ოცდაორი დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საარჩევნო სიების მართვის გარშემო ატეხილ დაუსრულებელ დავას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური ზონის მოსაზღვრე რეგიონში ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს.

თუმცა სიტუაცია დამაბნევლად მშვიდია. შიდა ქართლის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის _ გორის ცენტრალურ რაიონში სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ პატარა ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერი დგას, რაიონის საარჩევნო კომისიის ხუთი წევრი უმკლავდება 85 საარჩევნო ოლქიდან და 94000 რეგისტრირებული ამომრჩევლისგან შემოსულ განცხადებებსა და დოკუმენტებს.

მიუხედავად კომისიის გაუმჯობესების რამდენიმე მცდელობისა, საარჩევნო კანონმდებლობაში ახლახანს შეტანილმა ცვლილებებმა შედეგად გამოიწვია ახლი ოლქების შექმნა და მათი საზღვრების ხელახალი განსაზღვრა. ახლა ქალაქების საარჩევნო უბნების კომისიებს აბარიათ 2000-ის ნაცვლად 1500 ამომრჩეველი.

მაგრამ შიდა ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ამტკიცებენ, რომ ცვლილებებს ხელი არ შეუშლია საარჩევნო სამზადისისთვის. მეგი აბაშიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი ტრენერიდან ერთ-ერთი, რომელიც გორის რაიონის საარჩევნო უბნების კომისიებისთვის ატარებს სემინარებს, აცხადებს, რომ არჩევნების დღისთვის რაიმე პრობლემებს არ ელოდება.

"[სატრენინგო მასალებში] დეტალურად არის აღწერილი კომისიის თითოეული წევრის თითოეული ნაბიჯი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ პრობლემები არ იქნება, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ ამაში დარწმუნებულები მხოლოდ ხუთი იანვრის შემდეგ ვიქნებით," _ განაცხადა აბაშიძემ.

თამარ ზურაბაშვილი, სკოლის შენობაში განლაგებული გორის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ამომრჩევლების აქტივობა უპრეცედენტოა. მისი თქმით, ადამიანები რეგულარულად ამოწმებენ თავიანთ სახელებს საარჩევნო უბნებში გამოკრულ სიებში.

ამომრჩეველთა სიებზე მეტად ზურაბაშვილს უფრო სხვა რამ აშფოთებს: ეცოდინებათ თუ არა ამომრჩევლებს, რატომ უნდა შეავსონ სამი ბიულეტენი არჩევნების დღეს: ერთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მეორე _ პლებისციტისთვის საპარლამენტო არჩევნების თარიღის, ხოლო მესამე - პლებისციტისთვის საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

"საჭიროა კომისიის წევრების მობილიზება, მაგრამ, გარდა ამისა, ამომრჩევლებსაც უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია აქ მოსვლამდე," _ განაცხადა ზურაბაშვილმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, გორის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დაასკვნა, რომ ყურადღება ნამდვილად არ აკლიათ. "მოსახლეობა სხვადასხვა კანდიდატს უჭერს მხარს, მაგრამ, მე ვფიქრობ, უმეტესობის არჩევანი კანდიდატების დაპირებებზე იქნება დამოკიდებული, რადგან სამსახურები არ არის და ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს," _ აღნიშნა პაატა სოფრომაძემ, გორის ცენტრში მდებარე მეორადი ნივთების პატარა მაღაზიის მეპატრონემ.

სოფრომაძემ, რამდენიმე სხვა გორელის მსგავსად, იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, მაგრამ მის ამ აზრს ოპოზიცია არ იზიარებს.

ოპოზიციის წამყვანი კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, გორის ოფისის მენეჯერი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის არჩევნების გამარჯვების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ტაქტიკა მუშავდება. ლევან ტერაშვილი ამბობს, რომ, გარდა ამომრჩევლების დაშინებისა, ადგილობრივი მაცხოვრებლების პასპორტებს პოლიცია და მთავრობის წარმომადგენლები იტაცებენ და რომ ამომრჩევლებთა სიები "წალეკილია" იმ ადამიანების გვარ-სახელებით, რომლებიც ან გარდაიცვალნენ, ან საერთოდ არ არსებობენ. მან ვერ მოახერხა ამ ადამიანების იდენტიფიცირება სახელით. მსგავს მოსაზრებებს გამოთქვამენ ოპოზიციის წევრები საქართველოს სხვა რეგიონებში.

დავით გამყრელიძის ახალი მემარჯვენეების პარტიის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ფანიაშვილი ამტკიცებს, რომ ამომრჩევლების "სიებში" დაახლოებით 15000 შეცდომაა.

ჩვენი კომისიის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონის ყველა ოლქში სიებში შეყვანილია ის ადამიანები, რომლებმაც საქართელო 10 წლის წინ დატოვეს ან ისინი, ვინც დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ," _ განაცხადა ფანიაშვილმა.

როგორც ფანიაშვილი და ოპოზიციის სხვა აქტივისტები აცხადებენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ შემოდგომაზე ჩატარებულმა კამპანიამ, რომლის დროსაც კარდაკარ ჩამოუარეს მოსახლეობას და რაც მიიჩნეოდა ამომრჩევლების არაზუსტი სიების გამოსწორების საშუალებად, ვერ აღმოფხვრა პრობლემები.

"სიების მიხედვით ადამიანები ცხოვრობენ პროკრედიტ ბანკის შენობაში, ღვინის ქარხანასა და ქალაქის გამგებლის შენობაშიც კი," _ ამბობს ფანიაშვილი.

თუმცა, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ადუაშვილი ამგვარ შეცდომებს "უმნიშვნელოს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ აგვარი შეცდომები ერთ პროცენტს არ აღემატება. უფრო მეტიც, _ აგრძელებს ის, _ ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნაწილობრივ ისიც დამნაშავეა ამგვარ შეცდომებში.

"ოპოზიციური პარტიების წევრებიც მონაწილეობდნენ სააღრიცხვო კამპანიაში. ასე რომ, თუ შეცდომები დაფიქსირდა, ეს მათი პასუხისმგებლობაცაა," _ განაცხადა ადუაშვილმა.

გორიდან ახლო მანძილზე მდებარე შიდა ქართლის რეგიონში, კასპის რაიონში, ამომრჩევლების რაოდენობა უხეში დაანგარიშებით 18,7 პროცენტით გაიზარდა 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით. საარჩევნო სამეთვალყურეო ორგანიზაციის ISFED-ის განცხადებით, ეს რეგიონში ამომრჩეველთა ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გაჩეჩილაძის კამპანიის თანამშრომელი ხათუნა ტატანაშვილი ამ ფაქტს სიების "მკვდარი სულებით" გაბერვით ხსნის.

მაგრამ კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ გურასპაშვილმა, განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია ოფიციალური საჩივარი არც ერთი ოპოზიციური პარტიისგან საარჩევნო სიებში მათი აზრით დაშვებული შეცდომების შესახებ.

"ჩემთვის ცნობილია ქალბატონ ტატანაშვილის შეშფოთება, მაგრამ მას არც ერთი ოფიციალური საჩივარი არ შემოუტანია და არც ერთი პირი არ დაუსახელებია ჩვენ შორის გამართული საუბრებისას," _ ამბობს გურასპაშვილი. ხუთასი გარდაცვლილი ამომრჩევლის სახელი და გვარი უკვე ამოღებულია კასპის რაიონის საარჩევნო სიებიდან პროგრამის განხორციელების შემდეგ, _ გააგრძელა მან და იქვე დაამატა, რომ იმ დროიდან მოყოლებული "შესაძლოა სამოცი ადამიანი" გარდაიცვალა.

"შესაძლოა არსებობდეს ერთეული შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილები ჯერ კიდევ სიაშია, მაგრამ ამ შემთხვევებს არ შეუძლია მთლიანი სურათის შეცვლა," _ განაცხადა გურასპაშვილმა.

ამომრჩეველთა სიის ჩასწორება თავადაპირველი გადაწყვეტილებით 13 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის განცხადება საბოლოო ვადის კიდევ სამი დღით გაგრძელების შესახებ. თუმცა უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ, ჩამოაყალიბა სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას ვადა 22 დეკემბრამდე გაუგრძელა ამომრჩეველთა სიის ჩასასწორებლად სამოქალაქო რეესტრის გარდაცვალების მონაცემების მიხედვით.

იუსიტიციის მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც ამავე დროს უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, გამორიცხა ამომრჩეველთა სიებში არსებული შეცდომების არჩევნების გაყალბებისათვის გამოყენების ალბათობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ოპოზიციასთან ამ საკითხებზე. ამგვარი შეცდომის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ის, რომ ოჯახები ყოველთვის დროულად არ ატყობინებენ რეესტრს ნათესავის გარდაცვალებას.

მაგრამ ოპოზიციონერების საჩივრები საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მხოლოდ ამომრჩეველთა სიების შეცდომებით არ შემოიფარგლება. როგორც ისინი ამბობენ, აქტივისტებზე ხორციელდება ზეწოლა და თვალთვალი სამართალდამცავების მიერ. ამ სავარაუდო ინტერესს პარლამენტარი, ერთიანი ეროვნული ოპოზიციური საბჭოს შიდა ქართლის წარმომადგენელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოქრუაშვილის "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრი თეო ტლაშაძე იმას უკავშირებს, რომ შიდა ქართლის რეგიონთან ასოცირდება ოქრუაშვილი (რომელიც ამ რეგიონშია დაბადებული) და სექტემბრის ბოლოს თანამდებობიდან გადაყენებული შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი.

გაერთიანებული ეროვნული ოპოზიციის საბჭოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას ამგვარი შემთხვევების შესახებ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო საარჩევნო სამეთვალყურეო ჯგუფს, გაჩეჩილაძის ადგილობრივი კამპანიის მენეჯერი ტერაშვილი ამტკიცებს, რომ საჭიროა უფრო მეტი დამკვირვებლის ყურადღება.

"მე ვფიქრობ, რომ რეგიონს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ყურადღება აკლია, რადგან ისინი დედაქალაქზე უფრო არიან კონცენტრირებულები," _ განაცხადა მან.

Transparency International Georgia-ს რეგიონულმა კოორდინატორმა, რომელიც კამპანიისა და არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა, რომ, მართალია, მისმა ორგანიზაციამ მიიღო რამდენიმე საგანგაშო შეტყობინება ოპოზიციის წევრებისგან პოლიციელთა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მათზე და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, თუმცა, მათ ვერ მოახერხეს დაემტკიცებინათ ეს ბრალდებები.

გაჩეჩილაძის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი დაუდასტურებელ ბრალდებებს შიშს უკავშირებს. იგი ამტკიცებს, რომ დაუდასტურებელი დანაშაულის მსხვერპლებს "უბრალოდ ლაპარაკის ეშინიათ".

მაგრამ შიდა ქართლის უბრალო მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ არაფერი სმენიათ ამგვარი შემთხვევების შესახებ. გორის კერძო სკოლის მასწავლებელი ნანა ანთელავა ამბობს, რომ მას სახლში ეწვივნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც მას გადასცეს პარტიის მიერ გამოშვებული გაზეთი (გზა დემოკრატიისკენ, რომელიც უკვე გახდა დავის საგანი ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ, რადგან მასში მოთავსებულია გასართობი პარკის უფასო ბილეთი), ხოლო მის პენსიონერ მეუღლეს _ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის წერილი. თუმცა, იგი ამბობს, რომ შეხვედრამ განსაკუთრებული შემთხვევების გარეშე ჩაიარა.

"მათ მკითხეს, ვუჭერდი თუ არა მხარს სააკაშვილს, მაგრამ დაჟინებით არ მოუთხოვიათ ჩემგან პასუხის გაცემა. რომ ვუთხარი, ჩემს არჩევანს ხუთ იანვარს გავაკეთებ-მეთქი, წავიდნენ," _ ამბობს ანთელავა.




რედაქტორის მინაწერი: ნინა ახმეტელი არის კორესპონდენტი თბილისში.

სურათი: ქალაქ ახალქალაქში (შიდა ქართლის რეგიონი) წინასაარჩევნო კამპანიის მიტინგზე თავშეყრილი მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილს ელოდება. (სოფია მიზანტე EurasiaNet-ისთვის)
FEEDBACKRESOURCESSITE CREDITSEMAIL THIS PAGE
EurasiaNet.org