Georgia: Vote 2008
Home News & Views Report Card Photo Digest Candidate Gallery Be the Observer Q&A

Thursday, December 27, 2007
მაგნატი პატარკაციშვილი კანდიდატურას ხსნის
ავტორი: მოლი კორსო: 12/27/07

მეორე დღესვე, რაც პატარკაციშვილის მიერ დაარსებულმა ტელესადგურმა გამოაცხადა, რომ დროებით შეაჩერებდა მაუწყებლობას, ქართველმა მაგნატმა, რომლის გარშემო არ ცხრება აზრთა სხვადასხვაობა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მედიით ფართოდ გავრცელებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ პატარკაციშვილი ამგვარ ნაბიჯს გადადგამდა იმ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რითაც ხელისუფლება მას ადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ხუთი იანვრის არჩევნების შემდეგ.

განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ პატარკაციშვილის პრესოფისმა ოცდაშვიდი დეკემბრის საღამოს გაავრცელა, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. ოცდაექვს დეკემბერს პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჟვანიამ, აწგარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, ძმამ, განაცხადა, რომ იგი ლონდონში მიემგზავრებოდა, სადაც, შესაძლებელია, პატარკაციშვილთან განეხილა მისი კანდიდატურის მოხსნის საკითხიც, სხვა საკითხებთან ერთად.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა პატარკაციშვილის მიერ 2002 წელს დაარსებული ტელეარხ “იმედის” მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე. განცხადების თანახმად, ტელეკომპანია “პაუზას გააკეთებს” წინასაარჩევნო კამპანიის დროს. “იმედი” თორმეტ დეკემბერს დაუბრუნდა ეთერს. ამ პერიოდამდე ტელეკომპანია ერთ თვეზე მეტხანს დახურული იყო, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ ტელეკომპანიას “იარაღად” იყენებდა პატარკაციშვილი და მისი მეშვეობით ცდილობდა მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის, ადმინისტრაციის დამხობას.

ოცდაექვსი დეკემბრის საღამოს გადაცემაში არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დირექტორმა, გიორგი თარგამაძემ, რომელმაც ისაუბრა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე და პოლიტიკურ “ბინძურ თამაშებზე”, გამოაცხადა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტები “გახდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ობიექტები”, განსაკუთრებით ამ კვირაში ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ასახულია, თუ როგორ აწყობენ პატარკაციშვილი და მისი თანამზრახველები გადატრიალებას ექვს იანვარს. [დეტელებისთვის ეწვიეთ EurasiaNet-ის არქივს]. პატარკაციშვილმა უარყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება.

გვინდა დავადასტუროთ, რომ ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ყოველი ჩვენგანი და ჩვენი ოჯახის წევრები გახდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ობიექტები. ბოლო ორი დღე კი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო არხების მეშვეობით იქმნება სრული ისტერია, რაც ჟურნალისტებს ძალზე მძიმე მდგომარეობაში აყენებს,” _ განაცხადა თარგამაძემ.

“იმედის” გენერალურმა დირექტორმა, ბიძინა ბარათაშვილმა, განაცხადა, რომ ტელეარხის მენეჯმენტი ამ შესვენებას შვიდი ნოემბრის დახურვის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად გამოიყენებს. [დეტალებისთვის ეწვიეთ EurasiaNet-ის არქივს]. მისივე განცხადებით, არხის მომავალი მეპატრონის საკითხი გაირკვევა მანამდე, სანამ “იმედს” შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა. გარდა ამისა, ბოლო დროს გაცხოველებული სჯა-ბაასი მიმდინარეობს იმის თაობაზე, მიჰყიდის თუ არა პატარკაციშვილი “იმედი მედია ჰოლდინგის” (რომელიც შედგება ტელევიზიისა და რადიოსგან) დარჩენილ წილს არხის ახლანდელ მმართველს, News Corporation-ს თუ საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “იმედის” სულ მცირე ექვსმა ჟურნალისტმა დატოვა არხი მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა ოცდაოთხი დეკემბრის ჩანაწერი, რომელზეც ასახულია პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანლის, ვალერი გელბახიანის, და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუას, საუბარი ექვს იანვარს დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების შესახებ.

“იმედის” პოპულარული საინფორმაციო გადაცემის “დროების” პროდიუსერმა, ლევან ვაფხაძემ, უარი განაცხადა, EurasiaNet-თან ესაუბრა იმის შესახებ, გრძნობდა თუ არა ზეწოლას ხელისუფლებისგან პირადად ის. “ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ,” _ განაცხადა მან და დაამატა, რომ “უკეთესი” იქნება ამ საკითზე კომენატარი სთხოვონ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე დატოვეს არხი.

“მე “იმედში” დავრჩები, თუ ის მაუწყებლობას განაგრძობს,” _ განაცხადა ვაფხაძემ, “ძნელია იმის თქმა, თუ რა მოხდება.”

პოლიტოლოგმა გია ნოდიამ, რომელიც მედია-მონიტორინგის იმ ჯგუფის წევრიცაა, რომელიც ნოემბერში “იმედის” დახურვის შემდეგ შეიქმნა, განაცხადა, რომ, მისი აზრით, არხის გადაწყვეტილება მაუწყებლობის დროებითი შეჩერების შესახებ განპირობებულია რამდენიმე ჟურნალისტის სხვა არხებზე გადასვლის ფაქტორით.

ნოდია ამტკიცებს, რომ არ არსებობს ხელისუფლების მიერ “იმედზე” განხოციელებული ზეწოლის არანაირი ნიშანი, რადგანაც თორმეტი დეკემბრიდან, ანუ ხელახალი გახსნის დღიდან მოყოლებული, არხის საინფორმაციო გამოშვებები “კრიტიკულად” აშუქებდნენ ხელისუფლებას.

“ის იყო გარკვეულწილად მშვიდი, მაგრამ კრიტიკული და ამიტომ მე ვერ დავინახე რაიმე ზეწოლა,” _ განაცხადა მან და დაამატა, რომ “ეჭვობს”, ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონოდა არაპირდაპირ ზეწოლას ოფიციალური პირების მხრიდან, რომლებმაც “ხელი შეუწყვეს” ჟურნალისტებს სხვა სამსახურის პოვნაში.

თარგამაძემ განაცხადა, რომ არხის დახურვა დროებითია და “იმედი” მაუწყებლობას ხუთი იანვრის არჩევნების შემდეგ განაახლებს. “ეს არ არის დახურვა, არამედ ხდება მაუწყებლობის დროებით შეჩერება. ამით ჩვენ ვემიჯნებით ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს,” _ თქვა თარგამაძემ.

თუმცა ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე და სხვები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ არხის თუნდაც დროებითი დახურვა, შესაძლებელია, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიიცის ერთ-ერთი ცხრა წევრთაგანია, EurasiaNet-თან საუბარში განაცხადა, რომ იგი “შეშფოთებულია”, რადგან დარჩენილი სატელევიზიო სადგურები ობექტურად არ გააშუქებენ ოპოზიციას არჩევნებამდე. სახელმწიფო ბალანსზე მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, საქართველოში კიდევ ორი სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიაა – “მზე” და “რუსთავი 2”, რომლებსაც ოპოზიცია ხელისუფლებისადმი მიკერძოებულად მიიჩნევს.

“ჩვენ ყველას ძალიან გვაწუხებს მოვლენათა განვითარება,” _ განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ახლა ხელისუფლება ცდილობს პატარკაციშვილი ცხრა წევრისგან შექმნილ კოალიციასაც დაუკავშიროს: “ჩვენ გავცემთ პასუხს ყველა შესაძლო კითხვას... [მაგრამ] ვფიქრობთ, რომ ჩვენს ობიექტურ არგუმენტებს მიუკერძოებლად არ გააშუქებენ [დარჩენილი ტელეარხები].

ნოდიას განცხადებით, დღემდე გაკეთებეული ყველა რეპორტაჟი არჩევნების შესახებ მიუკერძოებელია.

“ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, “იმედის” გარეშე მედია ნაკლებად პლურალური იქნება,” _ აღნიშნა ნოდიამ, “მაგრამ, თუ გავზომავთ, რამდენად ობიექტურად შუქდება წინასაარჩევნო კამპანიები ჯერჯერობით... ძირითადად ეს დაბალანსებულია.”

ოპოზიციური პარტიები შეეცადნენ, გამიჯვნოდნენ პატარკაციშვილს ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გაავრცელა ახალი მასალები, რომლის მიხედვითაც მაგნატი ვითომცდა 100 მილიონი დოლარის გადახდას ჰპირდება სპეციალურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ერეკლე კოდუას, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, “განეიტრალების” მიზნით ექვს იანვარს.

პატარკაციშვილმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება და ჩანაწერებს მთავრობის მიერ მისთვის ჩირქის მოსაცხებად დამონტაჟებული მასალა უწოდა. ამავე დროს, მან დაიფიცა, რომ გააგრძელებს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. “იმედის” თანამშრომლების მიერ არხის დროებითი დახურვის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პატარკაციშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა მაგნატის განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ “ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ ამ კრიმინალურმა რეჟიმმა არ გადაუაროს მოსახლეობას”.

პატარკაციშვილის კამპანიის ხელმძღვანელს, გიორგი ჟვანიას, ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი ოფიციალურად მიიჩნიეს ეჭვმიტანილად, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მან ქვეყანა დატოვა. მეორე ეჭვმიტანილი, ყოფილი მოსამართლე მარინა გაბუნია, ამჟამად დაკავებულია.

“ეს თამაში მიზნად ისახავს ბოლო მოუღოს საქართველოს, მაგრამ ჩვენ, გაერთიანებული ეროვნული ოპოზიცია (ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია), ამას არასოდეს დავუშვებთ,” _ განაცხადა მან თბილისში მისსავე შტაბბინაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მან მომხრეებს მოუწოდა, ოცდაცხრა დეკემბერს სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბონ რიყის ისტორიულ მოედანზე, სადაც პოლიციამ შვიდ ნოემბერს დემონსტრაცია დაარბია.

თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და გაჩეჩილაძის მხარდამჭერი უსუფაშვილი შიშობს, რომ ახალი გამოძიება მიტინგისა და საპროტესტო აქციის გამართვის ნებმისმიერ ცდას საეჭვოდ წარმოაჩენს.

“ნებისმიერ საპროტესტო აქციას პატარკაციშვილის ბანაკიდან მორიგ პროვოკაციად მონათლავენ,” _ თქვა მან, “ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელი იქნება “იმედისა” და მედიისადმი ხელმისაწვდომობა.”

მან უარყო რაიმე კავშირის არსებობა ოპოზიციის კოალიციასა და პატარკაციშვილის გეგმებს შორის.

“არ ვიცი, რა დაემართა პატარკაციშვილს... მაგრამ ზოგადად მისი ფრაზები.... თუ ეს ყველაფერი რეალური გეგმის ნაწილი იყო, დარწმუნებული ვარ, არ შეესაბამება სიმართლეს,” _ დაამატა მან, “ჩვენ ვმართავდით კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ... თუ მოხერხდებოდა ჩვენი ძალების გაერთიანება, ის იმას ნიშნავდა, რომ იგი უნდა გამოთიშვოდა მარათონს.”

ამ დრომდე მთავრობას ჯერ არ დაუსახელებია პატარკაციშვილი ოფიციალურ ეჭვმიტანილად და გამოძიებაც არ დაწყებულა გადატრიალების მცდელობის შესახებ წაყენებული ბრალდების დასადასტურებლად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა EurasiaNet-თან (პატარკაციშვილის განცხადებამდე) საუბრისას განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა ვალდებულია აცნობოს ცესკოს, თუ დაგეგმილია “პატარკაციშვილის ან დაპატიმრება, ან წინასწარი დაკავება”, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.

გენერალური პროკურატურიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ხუთშაბათს შუადღეზე, ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ, მიუხედავად ვიდეოჩანაწერისა და გამოძიებისა, პატარკაციშვილს იგივე სტატუსი აქვს, რაც პრეზიდენტობის დანარჩენ ექვს კანდიდატს და რომ მას “აქვს უფლება” გააგრძელოს კამპანია.




რედაქტორის მინაწერი: მოლი კორსო არის თბილისში მცხოვრები თავისუფალი ჟურნალისტი.

სურათზე: ტელეკომპანია “იმედის” დამაარსებელმა, ბადრი პატარკაციშვილმა, განაცხადი გააკეთა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე (ალექსანდრე კლიმჩუკი EurasiaNet-ისთვის).
FEEDBACKRESOURCESSITE CREDITSEMAIL THIS PAGE
EurasiaNet.org